weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

არსებობის ისტორიაში პირველად პანამა მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს

14:29 ოთხშაბათი, 11 ოქტომბერი 2017

მოულოდნელი ფინალით დასრულდა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ჩრდილო და ცენტრალური ამერიკის ზონაში, სადაც ბოლო ტურის წინ რუსეთში ასპარეზობის საგზური მხოლოდ მექსიკასა და კოსტა რიკას ჰქონდა მოპოვებული, დარჩენილი ერთი საგზურისა და კიდევ ერთი საპლეი-ოფო ადგილისთვის კი სამი გუნდი იბრძოდა.

უკვე მსოფლიო ჩემპიონატზე მაფიქრალი მექსიკა და კოსტა რიკა მე-10 ტურში სტუმრად მართავდნენ შეხვედრებს, შესაბამისად ჰონდურასთან და პანამასთან, რომელთაც მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდათ მუნდიალზე მოსახვედრად, მაგრამ პარალელურად ამ კონტინენტური ზონის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი - შეერთებული შტატების ნაკრები სტუმრად ბოლოადგილოსან ტრინიდადისა და ტობაგოს გუნდს ხვდებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ აშშ-ის ნაკრების ამოცანა უფრო იოლი იყო - უსუსტეს გუნდთან მას ფრეც აძლევდა ხელს, თუმცა ყველაფერი სხვაგვარად მოხდა: ჰონდურასმა და პანამამ ძლიერ მეტოქეებთან დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვეს, გამოცდილი ბრიუს არენას გაწვრთნილი ამერიკელები კი სრულიად უმოტივაციო ტრინიდადელებთან დამარცხდნენ და ზედიზედ შვიდი ნათამაშები მსოფლიო პირველობის შემდეგ კვლავ მოუწევთ ყველაზე პრესტიჟული სანაკრებო ტურნირის გამოტოვება.

მე-10 ტურის მატჩების ანგარიშები:

ჰონდურასი 3:2 მექსიკა

პანამა 2:1 კოსტა რიკა

ტრინიდადი & ტობაგო 2:1 აშშ

სატურნირო ცხრილი:

  1. მექსიკა - ქულა 21, ბურთები 16:7
  2. კოსტა რიკა - ქულა 16, ბურთები 14:8
  3. პანამა - ქულა 13, ბურთები 9:10
  4. ჰონდურასი - ქულა 13, ბურთები 13:19
  5. აშშ - ქულა 12, ბურთები 17:13
  6. ტრინიდადი & ტობაგო - ქულა 6, ბურთები 7:19

პანამის ნაკრებმა, რომელიც FIFA-ს მსოფლიო რეიტინგში ამჟამად მე-60 პოზიციას იკავებს, საკუთარი საფეხბურთო ისტორია დაწერა - მოკრძალებული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს, რაც გამოცდილი კოლუმბიელი მწვრთნელის, ერნან დარიო გომესის დამსახურებაა. სხვათა შორის, ცნობილი კოლუმბიელი სპეციალისტი მესამედ გაემგზავრება მსოფლიო თასის გათამაშებაზე: 1998 წელს საფრანგეთში ის სამშობლოს ნაკრებს წვრთნიდა, 2002 წლის მუნდიალზე კი ეკვადორი ათამაშა არსებობის ისტორიაში პირველად.

აღსანიშნავია, რომ პანამის ეროვნული გუნდი ოთხი წლის წინანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშთანაც ახლოს იყო, თუმცა მაშინ შესარჩევი ციკლის უკანასკნელ ტურში მუნდიალზე უკვე გასულ აშშ-სთან შინ დამარცხდა და პლეი-ოფის საგზური იმ დროს კრიზისში მყოფ მექსიკის ნაკრებს გადაულოცა.

რაც შეეხება ჰონდურასის ნაკრებს, ნოემბერში მას ორმატჩიანი დუელი ელის აზიის ზონის მეხუთეადგილოსან ავსტრალიის ეროვნულ გუნდთან, რომელმაც თავის მხრივ საკონტინენტათშორისო პლეი-ოფში მოსახვედრად სირიის ნაკრებს გაჭირვებით სძლია (1:1; 2:1 დ.დ.).

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]