დინამოელებმა 6 დღის წინ დუდუ დადიანის თასი მოიგეს და აღნიშნულ ტიტულს სუპერთასიც მიამატეს. მოქმედმა ჩემპიონმა შესანიშნავად ითამაშა და გამარჯვებაც დაიმსახურა. მიხეილ ბერიშვილისა და ამერიკელი ლეგიონერების - ლაველ ბოიდისა და კაილ ტურპინის ლიდერობით „დინამოელებმა“ თამაში გამარჯვებამდე მიიყვანეს. აღსანიშნავია, რომ იყო მომენტები, პირველ და ბოლო პერიოდებში, როდესაც ქუთაისელებმა თამაში დაალაგეს და მეტოქეს მიუახლოვდნენ, თუმცა ამას დროებითი და ხანმოკლე ხასიათი ჰქონდა.
თამაში ისე ჩამთავრდა, ვითარება არ დაძაბულა და „დინამოელებმა“ მორიგი ტიტულის მოგება აღნიშნეს. გამარჯვებულთაგან 22 ქულით ბომბარდირი ლაველ ბოიდი გახდა, საუკეთესო მარგი ქმედების კოეფიციენტი (34) კი კაილ ტურპინს ჰქონდა, რომელმაც 20 ქულა, 11 მოხსნა და 3 დაფარება მიითვალა. შესანიშნავად ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა მიხეილ ბერიშვილმა, რომელმაც თავი 20 ქულას, 7 მოხსნას და 3 ჩაჭრას მოუყარა.
ქუთაისელთა რიგებში ორმაგი დუბლით გამოირჩა აკაკი დვალიშვილი, რომლის ანგარიშზეც 14 ქულა და 10 მოხსნა დაგროვდა. ქუთაისელთაგან 19 ქულით ბომბარდირი გახდა ბექა ბექაური, ჯონათან ლის ანგარიშზე კი 10 ქულა დაგროვდა.
მატჩის შემდეგ შედგა დაჯილდოვების ცერემონიალი. დინამოელთა კაპიტან ილია ლონდარიძეს ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პერეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ და ოთარ ქორქიას შვილმა - ცნობილმა ვეტერანმა კალათბურთელმა ნოდარ ქორქიამ გადასცეს.