განვლილ შეხვედრაში ფედერერმა ჩინებულად ითამაშა, შეცდომები ნაკლები ჰქონდა და რაც მთავარია ერთხელაც არც მისცა მეტოქეს ბრეიკის შანსი, თავად კი სამჯერ დააბრეიკა ნადალი და იოლად იმარჯვა. ფედერერმა 10 ეისი მოაწოდა, ნადალმა - 4.
რაფაელ ნადალს შანსი ჰქონდა რიგით 31-ე მასტერსის ტიტულის მოგებით რეკორდი დაემყარებინა და ამ მაჩვენებლით პირველი გამხდარიყო. ფედერერმა კი 1000-ქულიანი ტურნირი კარიერაში 27-ედ მოიგო.
ურთიერთშეხვედრებში შვეიცარიელმა სხვაობა შეამცირა (15:23) და შანხაიში გამარჯვებით 1000 ქულა და 1,192,780 დოლარი გამოიმუშავა, ნადალი 600 ქულასა და 584,845 დოლარს დასჯერდა.
მსოფლიოს N1 ჩოგბურთელ ნადალს ზედიზედ 17 შეხვედრა ჰქონდა მოგებული, ამჯერად კი როჯერ ფედერერის ბარიერი კვლავ ვერ დაძლია, ისევე როგორც - წლევანდელ სამ შეხვედრაში. თავის მხრივ ფედერერმა 2014 წლის შემდეგ ზედიზედ ოთხი მატჩი მოუგო ესპანელ მეტოქეს: 2017 წელს ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა, შემდეგ კი ინდიანა უელსის და მაიამის მასტერსების გადამწყვეტ შეხვედრებში.