გიორგი დეკანოსიძის გაწვრთნილმა თელაველმა ფეხბურთელებმა უსწრაფესი გოლი პირველივე წუთზე გაიტანეს, როდესაც ვასიკო გოგოლიძის მარჯვენა ფლანგიდან გამჭოლ გადაცემას გიორგი ნიქაბაძე დახვდა. პირველივე ტაიმში ანგარიშის გაზრდა გიორგი ხარებაშვილსა (ორჯერ) და იმავე ნიქაბაძეს შეეძლოთ, თუმცა ორივე ფეხბურთელმა მეორე ნახევარში იხეირა: 53-ე წუთზე ხარებაშვილმა გაიტანა, მატჩის მიწურულს კი ნიქაბაძემ დუბლი შეასრულა.
მორიგ მატჩს „თელავი“ 26 ოქტომბერს შინ, გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე გამართავს და ხონის „იმერეთს“ შეხვდება. აღსანიშნავია, რომ გიორგი დეკანოსიძის გუნდს 100-პროცენტიანი შედეგი ექნებოდა, რომ არა 19 სექტემბერს, ხონში „იმერეთთან“ მატჩის მიწურულს არჩათვლილი ნაღდი გოლი და დაკარგული 2 ქულა.