სამინისტროს ინფორმაციით, თელავში სპორტული კომპლექსი კერძო ინვესტიციით შენდება. ამ ეტაპზე მუშაობს ორი მცირე ზომის აუზი (სიგრძე 16; სიგანე 8 მეტრი), კეთილმოეწყო გასახდელები, საშხაპეები, სპორტ-კაფე და გაიხსნა ორი ფიტნეს დარბაზი - გოგონებისთვის და ვაჟებისთვის. პარალელურად მიმდინარეობს 5 სართულიანი სასტუმროს მშენებლობა, რომელიც როგორც სპორტსმენებს, ასევე ტურისტებს უმასპინძლებს. მშენებლობის პროცესშია ერთი ღია და ერთიც დახურული აუზი, რომელიც წყალბურთის სტანდარტებში ჩაჯდება (35X25 მეტრი) და საქართველოს ნაკრების შეკრებებსა და მატჩებს უმასპინძლებს. აუზს ექნება ტრიბუნა (400 სკამით) გულშემატკივრების მისაღებად. სპორტული კომპლექსის მენეჯმენტს დაგეგმილი აქვს ბოულინგ ცენტრის მშენებლობაც.
„თელავი საწყლოსნო სახეობებში ერთ-ერთი წარმატებული ცენტრი გახდება და არაერთ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს.
დიდი მადლობა შალვა მორბედაძეს, რომელმაც თაობების ოცნება აუსრულა თელაველებს და თანამედროვე სტანდარტების აუზი აუშენა. კერძო ინვესტიცია სპორტული ინფრასტრუქტურის კუთხით სასიხარულოა, ამ მხრივ ნამდვილად არ ვართ განებივრებულები. მიხარია, რომ ნდობა იმ რეფორმების მიმართ, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, სულ უფრო იზრდება. ორმაგად სასიხარულოა ასეთი ინვესტიცია რეგიონებში, მითუმეტეს საკმაოდ ძვირადღირებულ სპორტის სახეობაში. აღსანიშნავია, რომ აქ წყალბურთის გარდა ახალგაზრდები სპორტის სხვა სახეობებითაც დაკავდებიან“, – განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.