weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

კაშიას ავტოგოლი და ქართველები ევროპა ლიგაზე

10:33 პარასკევი, 20 ოქტომბერი 2017

UEFA-ს რანგით მეორე ევროტურნირზე, ევროპა ლიგაზე ოთხი ისეთი კლუბიც მონაწილეობს, რომელთა რიგებშიც ქართველი ფეხბურთელები ირიცხებიან. საქართველოს ნაკრების წევრთაგან, მიმდინარე ევროპა ლიგის მე-3 ტურში მონაწილეობა სამმა ფეხბურთელმა მიიღო.

მოსკოვის „ლოკომოტივი“ ტირასპოლში „შერიფს“ ესტუმრა და დაუზავდა – 1:1. „მოსკოველ რკინიგზელთა“ შორის შეუცვლელად ითამაშა ცენტრალურმა მცველმა სოლომონ კვერკველიამ. „ლოკომოტივს“ სამი ტურის შემდეგ 5 ქულა აქვს და იოლად მიჩნეულ F ქვეჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს.

ბორისოვის „ბ.ა.ტ.ე.“-მ საკუთარ მოედანზე გერმანული „კიოლნი“ 1:0 დაამარცხა, თუმცა ამ გამარჯვებაში ვაკო გვილიას წვლილი არ მიუძღვის, რადგან მატჩის განაცხადში კვლავ არ ყოფილა. ბელარუსის ჩემპიონ კლუბს H ჯგუფში 4 ქულით მეორე პოზიცია უკავია, რადგან პირველზე 9 ქულით უდანაკარგო ლონდონის „არსენალია“.

მორიგი თამაში წააგო და ისევ გამანადგურებელი ანგარიშით სკოპიეს „ვარდარმა“ – მაკედონიის ჩემპიონი გუნდი ამჯერად შინ „რეალ სოსიედადთან“ ვერაფერს გახდა და 6 უპასუხო გოლი გაუშვა. მასპინძელთა რიგებში 90 წუთი გაისარჯა ჯაბა ჯიღაური. „ვარდარი“ ძალიან ცუდად თამაშობს და სამი ტურის თავზე 0 ქულა აქვს, ბურთების ბალანსი კი – 1:14.

არნემის „ვიტესმა“ პირველი ქულა მოიპოვა. ჰოლანდიურმა კლუბმა ბელგიაში ადგილობრივ „ზულტე ვარეგემთან“ ფრედ 1:1 ითამაშა. არნემელთა კაპიტანი გურამ კაშია 90 წუთი იყო მოედანზე და 23-ე წუთზე ანგარიშიც გახსნა, თუმცა, სამწუხაროდ, ქართველმა მცველმა საკუთარი კარი დალაშქრა. „ვიტესს“ 1 ქულით ე.წ. სიკვდილის ჯგუფად მიჩნეულ K ჯგუფში „ლაციოსა“ და „ნიცას“ შემდეგ მესამე ადგილი უკავია და პლეი-ოფში გასვლის შანსი თითქმის აღარ აქვს.

ევროპა ლიგის მომდევნო, მე-4 ტურში ქართველ ფეხბურთელთა გუნდები იგივე მეტოქეებთან ითამაშებენ, მაგრამ უკვე სტუმარ-მასპინძელი სტატუსის ცვლილებებით.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]