weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

ოლიმპიაში 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ცეცხლი დაანთეს

11:28 ოთხშაბათი, 25 ოქტომბერი 2017

საბერძნეთში, ძველ ოლიმპიაში, 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ცეცხლის დანთების ცერემონია გაიმართა, რომელიც ცეცხლის ძველბერძნულ ამფორაში გადატანით დაიწყო და ტრადიციული წესით გაგრძელდა.

ცეცხლის დანთების რიტუალი ანტიკური ოლიმპიური თამაშებიდან მოდის და დაკავშირებულია ცნობილ ლეგენდასთან ტიტან პრომეთეზე, რომელმაც ზევსს ცეცხლი მოსტაცა და ადამიანებს აჩუქა.

ოლიმპიაში ბერძენმა მსახიობმა კატერინა ლეხუმ, რომელიც ქალღმერთ ჰერას უმაღლესი ქურუმის როლში გამოდიოდა, ჯერ ლოცვა აღავლინა, შემდეგ კი ამფორიდან ცეცხლი ოლიმპიურ ჩირაღდანზე გადაიტანა. ამას მოჰყვა ემოციური თეატრალიზებული საცეკვაო კომპოზიცია ოლიმპიის ნანგრევებზე. კატერინა ლეხუმ ოლიმპიური ჩირაღდანი 20 წლის ბერძენ მოთხილამურეს აპოსტოლოს ანგელისს გადასცა, რომელმაც ჩირღდნით ხელში გაირბინა ოლიმპიური ხეივანი, რამდენიმე წამით შეყოვნდა თანამედროვე ოლიმპიური თამაშების ფუძემდებლის, პიერ დე კუბერტენის ობელისკთან, შემდეგ კი ჩირაღდანი ჩააბარა ესტაფეტის მეორე მონაწილეს, ცნობილ სამხრეთ კორეელ ფეხბურთელს ჩი-სან პაკს.

ოლიმპიური ცეცხლი საბერძნეთში ერთი კვირა იმოგზაურებს, ესტაფეტაში კი ჩაერთვება 500-ზე მეტი მეჩირაღდნე. ისინი გაივლიან 2129 კილომეტრს და 20 მუნიციპალურ ტერიტორიაზე 36 საზეიმო შეხვედრა მოეწყობა. ამის შემდეგ, 31 ოქტომბერს, ათენის სტადიონზე დაგეგმილ ოფიციალურ ცერემონიაზე ოლიმპიური ცეცხლი გადაეცემა „პიონჩან 2018“-ის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებს.

ოლიმპიური ცეცხლის დანთების ცერემონიალს ესწრებოდნენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი და საპატიო პრეზიდენტი ჟაკ როგი, საბერძნეთის პრეზიდენტი პროკოპის პავლოპულოსი, სამხრეთ კორეის პრემიერ მინისტრი ნაგ-იონ ლი, „პიონჩან 2018"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ჰი-ბომ ლი და სხვა ოფიციალური პირები.

საბერძნეთიდან ოლიმპიური ცეცხლი ზამთრის ოლიმპიადის მასპინძელ ქვეყანაში - სამხრეთ კორეაში გაემგზავრება, თვითმფრინავით გაივლის 8 500 კილომეტრს, პირველ ნოემბერს კი ქალაქ ინჩხონიდან დაიწყება ცეცხლოვანი ესტაფეტის კორეული ნაწილი, რომელიც 8 პროვინციას და 20 დიდ ქალაქს მოიცავს. 100-დღიანი მოგზაურობის შემდეგ, 2018 წლის 9 თებერვალს, თამაშების გახსნის ცერემონიაზე, ოლიმპიურ ცეცხლს პიონჩანის ოლიმპიურ სტადიონზე აანთებენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]