weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სკანდალი იტალიაში: „ლაციოს“ ქომაგების ფაშისტური ქმედება და ანა ფრანკის დღიურები

17:05 ხუთშაბათი, 26 ოქტომბერი 2017

საფეხბურთო კლუბ რომის „ლაციოს“ გულშემატკივრები ყოველთვის გამოირჩეოდნენ ფაშიზმისადმი მიდრეკილებით და რომაული კლუბი ამ კუთხით სკანდალში კიდევ ერთხელ გაეხვია. საქმე ისაა, რომ „ლაციოსა“ და „კალიარის“ მატჩის დასრულების შემდეგ რომაელმა ტიფოზებმა ტრიბუნებზე ანტისემიტური და ჰომოფობიური პლაკატები დატოვეს. მათ შორის იყო ანა ფრანკის ფოტო, რომელზეც ფაშიზმის ყველაზე ცნობილი მსხვერპლი გოგონა „ლაციოს“ თანაქალაქელი მეტოქე კლუბის, „რომას“ ფორმაში გახლდათ გამოწყობილი.

ბუნებრივია, „ლაციოს“ გულშემატკივართა ასეთი გამოხტომა გამოხმაურების გარეშე არ ჩაივლიდა და იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატ სერია A-ს ხელმძღვანელობამ ხსენებული საქციელი უმალ დაგმო და მეათე ტურის ყველა შეხვედრა სიმბოლურად, ანა ფრანკის დღიურების კითხვით გაიხსნა -  ყოველი მატჩის წინ, გუნდის კაპიტნებმა და მსაჯებმა ანა ფრანკის დღიურები პირდაპირ მოედანზე წაიკითხეს.

„ლაციოს“ ტიფოზების ქმედება დაგმო კლუბის პრეზიდენტმა კლაუდიო ლოტიტომაც. მან მთელი გუნდი შეკრიბა, ფეხბურთელებთან და სამწვრთნელო შტაბთან ერთად რომის სინაგოგაში გაეშურა და ებრაელების მემორიალი გვირგვინით შეამკო. ლოტიტოს განცხადებით, მისი გუნდის 200-მდე ქომაგი აუშვიცის ყოფილ საკონცენტრაციო ბანაკში გაემგზავრება და ისინი იქ ძალიან ბევრ რამეს ისწავლიან.

პრეზიდენტის დროული ქმედების მიუხედავად, „ლაციო“ სასჯელს ვერ ასცდება. საუბარია ფინანსურ ჯარიმაზე და გარდა ამისა, ერთი საშინაო მატჩის ჩატარება გუნდს ცარიელი ტრიბუნების ფონზე მოუწევს. „ბოლონიასთან“ სტუმრად მატჩის წინ კი ფეხბურთელებს სიმბოლური მაისურები ეცვათ, ანა ფრანკის პორტრეტითა და წარწერით: არა ანტისემიტიზმს.

აქვე გეტყვით, რომ „ლაციოს“ ქომაგთა ფაშისტური გამოხტომები ხშირად ფეხბურთელებზეც იყო გადამდები. მაგალითად, 2005 წელს პაოლო დი კანიომ „რომას“ კარში გატანილი გოლი სწორედ ფაშისტური  მისალმებით აღნიშნა და ეს დიდი ხნის განმავლობაში იყო იტალიაში განხილვის საგნად. ასევე, ცნობილია, რომ იტალიაში ფაშიზმის ფუძემდებელი ბენიტო მუსოლინი ფეხბურთის დიდი მოყვარული იყო და მისი საყვარელი კლუბი სწორედ რომის „ლაციო“ გახლდათ, რომლის ლოგოზეც ძველ რომაულ-ფაშისტური სიმბოლიკა ფრთებგაშლილი არწივია გამოსახული.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]