weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მერვედფინალისტი გუნდები გაირკვა

11:15 ოთხშაბათი, 01 ნოემბერი 2017

მცირე შესვენების შემდეგ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება მე-4 ტურის შეხვედრებით განახლდა. რვა მატჩს შორის რამდენიმე შეხვედრა ზოგი გუნდისთვის გადამწყვეტი გამოდგა და პირველი მერვედფინალისტი გუნდების ვინაობა გახდა ცნობილი.

A ჯგუფის ფავორიტმა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ საკუთარ კედლებშიც შეძლო „ბენფიკას“ დამარცხება. ჟოზე მოურინიოს გუნდს გატანა მე-15 წუთზე შეეძლო, თუმცა ანტონი მარსიალის პენალტი ლისაბონელთა 18 წლის მეკარე მილე სვილარმა მოიგერია. ტაიმის ბოლო წუთზე მასპინძელი „წითელი ეშმაკები“ მაინც დაწინაურდნენ: ნემანია მატიჩმა შორიდან კარგად დაარტყა, რომელიც ძელს მოხვდა, გამოვარდნილი ბურთი კი - „ბენფიკას“ თინეიჯერ მეკარეს ზურგში და ისე აღმოჩნდა კარში. სვილარი ჩემპიონთა ლიგაზე რეკორდისა და ანტირეკორდის ავტორი გახდა: ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში გახდა ყველაზე ახალგაზრდა გოლკიპერი, რომელმაც პენალტი მოიგერია და ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე ახალგაზრდული ავტოგოლის ავტორიც შეიქნა. მეორე ნახევრის მიწურულს მანჩესტერელებმა მეორეც გაიტანეს: მეტოქის საჯარიმოში შეჭრილი მარკუს რეშფორდი აკრძალული ილეთით შეაჩერეს, თერთმეტმეტრიანი კი გოლად დეილი ბლინდმა აქცია. საინტერესო შედეგი დაფიქსირდა პარალელურად მიმდინარე მატჩში, სადაც „ბაზელი“ მოსკოვის „ცსკას“ მასინძლობდა. შვეიცარიის ჩემპიონები ლუკა ძუფის გოლით დაწინაურდნენ და მორიგი გამარჯვების იმედად იყვნენ, მაგრამ იგორ აკინფეევის კარში მორიგი გოლის გატანა ვეღარ მოახერხეს, სამაგიეროდ თამაშში მეორე ტაიმიდან ჩართულმა ალან ძაგოევმა ანგარიში გაათანაბრა, შვედმა პონტუს ვერნბლუმმა კი ზუსტი დარტყმით გამარჯვებისა გაიტანა და მოსკოველმა არმიელებმაც რევანშის აღება მოახერხეს.

მანჩესტერ იუნაიტედი - ბენფიკა 2:0

სვილარი (45 ს.კ.), ბლინდი (78 პ.).

ბაზელი - მოსკოვის ც.ს.კ.ა. 1:2

1:0 ძუფი (32) 1:1 ძაგოევი (65) 1:2 ვერნბლუმი (79).

B ჯგუფის მატჩებში ორივე ფავორიტმა გუნდმა იმარჯვა და შემდეგი ეტაპის საგზური ორი ტურით ადრე გაიფორმა. „პარი სენ-ჟერმენმა“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დიდებულ ფორმაშია და ბრიუსელის „ანდერლეხტი“ რეკორდებით დაამარცხა: ლევენ კურზავამ ჰეთ-თრიქი შეასრულა და პირველი მცველი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში სამი გოლი გაიტანა. მანამდე დიდებული გამოდგა ნეიმარის გოლი, რომელიც ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა თავის მიერ გათამაშებული კუთხურის შემდეგ მოჭრილი დარტყმით შეაგდო. ოთხი ტურის თავზე პარიზელებს ამდენივე გამარჯვება აქვთ, ბურთების შეფარდება კი - 17:0, რაც ფრანგულ კლუბს აქამდე არასოდეს უქნია. ლიდერ „პარი სენ-ჟერმენს“ არ ჩამორჩა გერმანული ფეხბურთის ფლაგმანი „ბაიერნი“, რომელმაც „სელტიკს“ სტუმრადაც სძლია. პირველ ტაიმში დამარცხებულმა გლაზგოელებმა გათანაბრება 74-ე წუთზე შეძლეს, თუმცა სიხარულისგან გადარეული „სელტიკ პარკი“ სამ წუთში დადუმდა - ბავარიელთა ბასკმა ფეხბურთელმა ხავი მარტინესმა წარბის გახეთქვის ფასად თავური დარტყმით უმალ წინ გაიყვანა იუპ ჰაინკესის გუნდი, რაც შეხვედრის საბოლოო გოლი გამოდგა.

პარი სენ-ჟერმენი - ანდერლეხტი 5:0

ვერატი (30), ნეიმარი (45+4), კურზავა (52), კურზავა (72), კურზავა (78).

სელტიკი - ბაიერნი 1:2

0:1 კომანი (22) 1:1 კ. მაკგრეგორი (74) 1:2 ხ. მარტინესი (77).

პრინციპული შეხვედრა გაიმართა რომის „სტადიო ოლიმპიკოზე“, სადაც „რომამ“ ლონდონის „ჩელსის“ უმასპინძლა და ანტონიო კონტეს გუნდი პირწმინდად დაჯაბნა. რომაელები სტეფან ელ შაარავიმ პირველივე წუთზე დააწინაურა, შესვენებამდე კი მეორეც გაიტანა. „არისტოკრატები“ თითქოს არ ყოფილან გულხელდაკრეფილნი და უტევდნენ მასპინძლებს, თუმცა მეორე ტაიმში არგენტინელმა დიეგო პეროტიმ ზუსტად გაისროლა და „რომას“ გამარჯვება სოლიდური გახადა. სენსაცია გამოცხვა მადრიდში პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში. „ატლეტიკო“ კვლავაც ბევრს ეცადა, მაგრამ აზერბაიჯანის ჩემპიონ „ყარაბაღის“ დამარცხება ისევ ვერ მოახერხა. ესპანელი მიჩელის გოლით დაწინაურებულ ყურბან ყურბანოვის გუნდს მეორე ტაიმის სტარტზე განელმა თომას პარტეიმ ულამაზესი და უზუსტესი დარტყმით გაუთანაბრა, მაგრამ დიეგო სიმეონეს გუნდმა მეტის გაკეთება ვერ შეძლო და უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა, „ყარაბაღმა“ კი თავის მხრივ საკუთარი საფეხბურთო ისტორიის წერა განაგრძო.

რომა - ჩელსი 3:0

ელ შაარავი (1), ელ შაარავი (36), პეროტი (63).

მადრიდის ატლეტიკო - ყარაბაღი 1:1

0:1 მიჩელი (40) 1:1 პარტეი (56).

ფრედ დასრულდა D ჯგუფის ორივე შეხვედრა. „ბარსელონამ“ პირეოსში „ოლიმპიაკოსის“ კარს ბევრი მცდელობის მიუხედავად გასაღები ვერაფრით მოუძებნა, ტურინის „იუვენტუსმა“ კი ლისაბონში „სპორტინგთან“ მძიმე ბრძოლა გადაიტანა. ჟორჟე ჟეზუსის გუნდი გამოცდილმა ბრუნო სეზარმა მე-20 წუთზე დააწინაურა, მასიმილიანო ალეგრის გუნდს კი ქულა გონსალო იგუაინმა მატჩის მიწურულს გადაურჩინა.

ოლიმპიაკოსი - ბარსელონა 0:0

ლისაბონის სპორტინგი - იუვენტუსი 1:1

1:0 ბრუნო სეზარი (20) 1:1 იგუაინი (79).

დღეს ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ოთხ ქვეჯგუფში გაიმართება მეოთხე ტურის დარჩენილი რვა შეხვედრა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]