E ჯგუფის ორივე მატჩი მასპინძლების გამარჯვებით დამთავრდა. წინა ტურში სტუმრად ფეერიული გამარჯვების (7-0) შემდეგ, „ლივერპულმა“ ამჯერად შინაც დაამარცხა „მარიბორი“, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მეორე ნახევარში მერსისაიდელებმა სლოვენიის ჩემპიონს მხოლოდ სამი გოლი აკმარეს და ერთი პენალტიც ვერ გამოიყინეს. ოქროს ქულები მოიპოვა „სევილიამ“, რომელმაც წინა ტურში „სპარტაკთან“ განადგურება დაივიწყა და მოსკოვის „სახალხო გუნდს“ პრინციპულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით სძლია.
ლივერპული - მარიბორი 3:0
სალაჰი (49), ჯანი (64), სტარიჯი (90).
სევილია - მოსკოვის სპარტაკი 2:1
1:0 ლენგლე (30) 2:0 ბანეგა (59) 2:1 ზე ლუისი (78).
F ჯგუფში საინტერესო, სანახაობრივი და უხვგოლიანი შეხვედრა შედგა, რომელმაც მერვედფინალისტი გამოავლინა. „ნაპოლიმ“ პეპ გვარდიოლას „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლა, იბრძოლა და დამარცხდა. ინგლისური კლუბი აგრძელებს ბრწყინვალე გამარჯვებების სერიას და როგორც ჩანს, გვარდიოლას კრებულს წელს დიდი მიზნები აქვთ. რაც შეეხება ნეაპოლიტანელებს, შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მათ ორივე დარჩენილი მატჩის მოგება მართებთ, რადგან პარალელურად დონეცკის „შახტარი“ ქულებს ქულებზე იძენს. უკრაინის ჩემპიონმა კლუბმა „ფეიენოორდი“ ამჯერად ხარკოვში (უკრაინის კონფლიქტის გამო გუნდი საშინაო შეხვედრებს ხარკოვში მართავს) დაამარცხა. მატჩი ძალიან ჰგავდა ამ ორი გუნდის წინა ტურში ჩატარებულ შეხვედრას: ანგარიში კვლავ როტერდამელებმა გახსნეს და მათი სიხარული ამჯერადაც ნაადრევი გამოდგა, რადგან დონეცკელთა ბრაზილიურმა არმიამ კიდევ ერთხელ განაპირობა „შახტარის“ გამარჯვება. ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამ „ფეიენოორდის“ წინააღმდეგ სრულად ითამაშა და 36-ე წუთზე გაფრთხილება მიიღო.
ნაპოლი - მანჩესტერ სიტი 2:4
1:0 ლ. ინსინიე (21) 1:1 ოტამენდი (34) 1:2 სტოუნზი (48) 2:2 ჟორჟინიო (62 პ.) 2:3 აგუერო (69) 2:4 სტერლინგი (90+2).
დონეცკის შახტარი - ფეიენოორდი 3:1
0:1 ნ. იორგენსენი (12) 1:1 ფ. ფერეირა (14) 2:1 მარლოსი (17) 3:1 მარლოსი (68).
G ჯგუფში ერთი შეხვედრა შედარებით ადრე გაიმართა: ქვეჯგუფის პირველადგილოსანმა „ბეშიქთაშმა“ და საფრანგეთის ჩემპიონმა „მონაკომ“ სტამბოლში ქულები გაიყვეს. რაც შეეხება მეორე მატჩს, „პორტომ“ შინ „ლაიპციგის“ ძლევა მოახერხა და გერმანულ კლუბს მეორე ადგილი აართვა.
ბეშიქთაში - მონაკო 1:1
0:1 რ. ლოპესი (45+1) 1:1 ჯენქ თოსუნი (54 პ.).
პორტო - ლაიპციგი 3:1
1:0 ე. ერერა (13) 1:1 ვერნერი (48) 2:1 დანილო პერეირა (61) 3:1 მ. პერეირა (90+3).
სათამაშო დღის ცენტრალური მატჩი ლონდონში ლეგენდარულ „უემბლიზე“ შედგა. „ტოტენჰემმა“ შესანიშნავად იასპარეზა და სახელოვანი მადრიდის „რეალი“ სოლიდური სხვაობით დაამარცხა. მაურისიო პოჩეტინოს გაწვრთნილმა ლონდონელებმა ზიდანი და კომპანია პირწმინდად დაჯაბნეს, პლეი-ოფის საგზური გაიფორმეს და საფეხბურთო საზოგადოება კიდევ ერთხელ აალაპარაკეს. პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში კიდევ ერთხელ იცოდვილა დორტმუნდის „ბორუსიამ“, რომელმაც ამჯერადაც კოლოსალური სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, კვლავ ვერ შეძლო ნიქოზიის „ა.პ.ო.ე.ლ.“-ის ძლევა და წინა ტურის მსგავსად 1-1 ითამაშა. აღსანიშნავია, რომ ვესტფალიურ კლუბს გოლი კვლავაც ბენინელმა ფეხბურთელმა გაუტანა და პეტერ ბოსის სკამს წყალი შეუყენა.
ტოტენჰემ ჰოტსპური - მადრიდის რეალი 3:1
1:0 დ. ალი (27) 2:0 დ. ალი (56) 3:0 ერიკსენი (65) 3:1 კ. რონალდო (80).
დორტმუნდის ბორუსია 1:1 ა.პ.ო.ე.ლ.
1:0 რ. გერეირო (29) 1:1 პოტე (51).
ჩემპიონთა ლიგის მომდევნო, მე-5 ტურის შეხვედრები 21-22 ნოემბერს გაიმართება.