ზაგრების „მაქსიმირზე“ გამართულ უხვგოლიან შეხვედრაში მასპინძლებმა საბერძნეთთან ანგარიში მე-13 წუთზე ლუკა მოდრიჩის პენალტით გახსნეს, რომელიც ნიკოლა კალინიჩმა თითქმის კურიოზულ ვითარებაში მოიპოვა. რამდენიმე წუთში იმავე კალინიჩმა ანგარიში გააორა. მიხაელ სკიბეს შეგირდებიდან სხვაობა დორტმუნდის „ბორუსიას“ წევრმა ცენტრალურმა მცველმა სოკრატის პაპასტათოპულოსმა კუთხურიდან თავურით შეამცირა, თუმცა სამ წუთში მილანის „ინტერის“ გარემარმა ივან პერიშიჩმა ასევე თავურით კვლავ გაზარდა უპირატესობა. მეოთხე გოლი ორესტის კარნეზისის კარში მეორე ნახევრის სტარტზე ანდრეი კრამარიჩმა მცველის შეცდომის წყალობით გაიტანა და ანტე დალიჩის გუნდს სოლიდური გამარჯვება გაუფორმა. ძნელი წარმოსადგენია, ფავორიტმა ხორვატებმა რამდენიმე დღეში გასამართ საპასუხო მატჩში სამბურთიანი ფორა გაანიავონ.
ხორვატია - საბერძნეთი 4:1
1:0 მოდრიჩი (13 პ.) 2:0 კალინიჩი (19) 2:1 პაპასტათოპულოსი (30) 3:1 პერიშიჩი (33) 4:1 კრამარიჩი (49).
იგივეს თქმა შეიძლება შვეიცარიის ეროვნულ გუნდზეც, რომელმაც სტუმრად ბელფასტში მასპინძელი ჩრდილოეთ ირლანდია დაამარცხა. ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდიდან გოლი „მილანის“ მარცხენაფლანგელმა რიკარდო როდრიგესმა პენალტით გაიტანა. ამის გარდა „ნეიტრალებს“ კიდევ შეეძლოთ გატანა, მაიკლ ო’ნილის შეგირდები კი სუსტად გამოიყურებოდნენ და დიდი ალბათობით, მუნდიალზე გასვლის მრავალწლიან ოცნებას მინიმუმ კიდევ ოთხი წლით გაიხანგრძლივებენ.
ჩრდილოეთ ირლანდია - შვეიცარია 0:1
რ. როდრიგესი (58 პ.)
ევროპის ზონაში დღეს კიდევ ერთი პლეი-ოფის მატჩი ჩატარდება: შვედეთი იტალიას უმასპინძლებს. ხვალ კი დანია-ირლანდია გაიმართება.