weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

იტალიის ნაკრები კატასტროფის ზღვარზე

11:05 შაბათი, 11 ნოემბერი 2017

მსოფლიოს 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის მატჩში შვედეთის ნაკრებმა შინ იტალია დაამარცხა და შესაბამისად, არსებობს იმის შანსი, რომ 1958 წლის შემდგომ პირველად, მუნდიალმა „სკვადრა აძურას“ გარეშე ჩაიაროს.

ქალაქ სოლნაში გამართული შეხვედრა მთლიანობაში თანაბარი გამოდგა, თუმცა უნდა ითქვას, რომ მატჩი ისეთი სცენარით მიმდინარეობდა, როგორიც მასპინძლებს აწყობდათ. სკანდინავიელთა მთავარმა მწვრთნელმა იან ანდერსონმა მებრძოლი გუნდი კარგად მოამზადა და ვიზავი ჯან პიერო ვენტურა ტაქტიკურ დუელში აშკარად დაჩაგრა.

იტალიას დებიუტშივე შეეძლო გატანა და ასე რომ მომხდარიყო, სულ სხვა თამაშს ვიხილავდით, მაგრამ მასპინძელთათვის საბედნიეროდ, ანდრეა ბელოტიმ მე-6 წუთზე ახლო მანძილიდან თავური დარტყმით ააცილა და შვედეთი გაშვებულ გოლს გადაურჩა. რამდენიმე სახიფათო მომენტი მასპინძლებმაც შექმნეს, თუმცა ისეთი ვერა, როგორიც „ტორინოს“ ფორვარდს ჰქონდა.

პირველი ტაიმის მსგავსად, იტალიელებმა მეორე ნახევარიც შეტევებით დაიწყეს და ამჯერად ანტონიო კანდრევა დაემუქრა შვედების კარს, მაგრამ მეკარე რობინ ოლსენმა ივარგა და ბურთი მოიგერია. შვედებს ასეთი მწვავე მომენტი ამჯერადაც არ შეუქმნიათ, თუმცა 61-ე წუთზე გოლი მაინც გაიტანეს: ემილ კრაფთმა აუტიდან საჯარიმოში ჩააგდო ბურთი, ჯორჯი კიელინიმ ბურთი კი გამოიტანა, მაგრამ პირდაპირ შეცვლაზე შესულ იაკობ იოჰანსონს მიუვიდა, რომელმაც შეუჩერებლად დაარტყა, დაბალი ბურთი იტალიელ მოთამაშეს მოხვდა და ჯანლუიჯი ბუფონის კარში შევარდა. შვედებმა გატანილი გოლის შემდეგ ინიციატივა მეტოქეს დაუთმეს, ორგანიზებულად დაიხიეს უკან და კონტრშეტევებზე გადაწყვიტეს ფონს გასვლა. გოლიდან ექვს წუთში რეალური შანსი მატეო დარმიანს მიეცა, რომლის შორეული უძლიერესი გასროლის შემდეგ ბურთი ძელმა მოიგერია. მასპინძლებმა საკუთარი ამოცანა წარმატებით შეასრულეს და ანგარიში შეინარჩუნეს, თანაც იმასაც ვერ ვიტყვით, რომ იტალიელებმა დარჩენილ დროში ბევრი მომენტი შექმნეს. მატჩის მიწურულს „სკვადრა აძურა“ მთელი ძალებით, თუმცა უფანტაზიოდ უტევდა და უმეტესად ჩაწოდებებზე თამაშობდა, რომელთა მოგერიებაც მასპინძელთა ტანმაღალ მცველებს არ უჭირდათ. შეიძლება ისიც ითქვას, რომ შვედებს გაუმართლათ კიდეც, იტალიელებს კი არა. საბოლოოდ ანგარიში აღარ შეცვლილა და განმეორებითი მატჩისთვის, რომელიც 13 ნოემბერს მილანის „სან სიროზე“ გაიმართება, უდიდესი ინტრიგა არსებობს.

შვედეთი - იტალია 1:0

ი. იოჰანსონი (61)

ევროპული ზონის პარალელურად ორი საკონტინენტათშორისო პლეი-ოფის მატჩიც გაიმართა, რომლებიც ნულოვანი ყაიმებით დასრულდა:

ჰონდურასი - ავსტრალია 0:0

ახალი ზელანდია - პერუ 0:0

ამ წყვილებს შორის საპასუხო შეხვედრები 15 ნოემბერს ჩატარდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]