პლეი-ოფის საპასუხო მატჩი მასპინძელი ირლანდიელებისთვის ფანტასტიურად დაიწყო: მე-6 წუთზე შეტევაში ჩართულმა ცენტრალურმა მცველმა შეინ დაფიმ ანგარიში თავით გახსნა და „ზურმუხტის კუნძულელებს“ იმედები ჩაუსახა, თუმცა ამაოდ, დანიელებმა მალევე გამონახეს საჭირო ძალები და პირველივე ტაიმში გათანაბრება და წინ გასვლა მოახერხეს: ჯერ ანდრეას ქრისტენსენმა შეძლო ირლანდიელი მცველი დახმარებით, გატანა, შემდეგ კი თავი გუნდის ლიდერმა ქრისტიან ერიკსენმა გამოიჩინა.
მეორე ტაიმში დანიამ კიდევ უფრო მოუმატა იერიშებს, მასპინძლებს კი ნერვიულობა დაეტყოთ. „ტოტენჰემელმა“ შემტევმა შუახაზელმა ერიკსენმა ცხრაწუთიან მონაკვეთში კიდევ ორი საუცხოო გოლი გაიტანა და თავისი ქვეყნის ნაკრებს მუნდიალზე გასვლაში ჰეთ-თრიქით დაეხმარა. რაც შეეხება მეხუთე გოლს, ის შეცვლაზე შესულმა უბერებელმა ფორვარდმა ნიკლას ბენდტნერმა ბოლო წუთზე პენალტით შეაგდო და მარტინ ო’ნილის გუნდი მისსავე მოედანზე დაასამარა.
დანია მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას მეხუთედ მიიღებს. აქამდე გუნდს 1986, 1998, 2002 და 2010 წლებში გამართულ მუნდიალებზე უასპარეზია. ნორვეგიელი ოგე ჰარეიდეს გაწვრთნილი ნაკრები, რომელმაც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი ძალიან ცუდად დაიწყო და მხოლოდ ბოლო ტურებსა და პლეი-ოფში შეძლო წარმატების მოპოვება, FIFA-ს მსოფლიო რეიტინგში ამჟამად მე-19 ადგილზეა.
ირლანდია - დანია 1:5
1:0 შ. დაფი (6) 1:1 ა. ქრისტიანსენი (29) 1:2 ერიკსენი (32) 1:3 ერიკსენი (63) 1:4 ერიკსენი (74) 1:5 ბენდტნერი (90 პ.)