ჩრდილო-ცენტრალური ამერიკის ზონის მეოთხეადგილოსან ჰონდურასთან სტუმრად უგოლო მატჩის შემდეგ, ანგე პოსტეკოგლუს გაწვრთნილმა ავსტრალიის ნაკრებმა საპასუხო შეხვედრაში შინ მილე იედინაკის ჰეთ-თრიქით მეორე ტაიმში 3:1 სძლია მეტოქეს. „ასტონ ვილას“ ნახევარმცველმა სამიდან ორი გოლი პენალტებით გაიტანა და „სოკერუები“ ისტორიაში მეხუთედ, ზედიზედ კი მეოთხედ გაიყვანა მსოფლიოს უპრესტიჟულეს საფეხბურთო ტურნირზე.
ავსტრალია - ჰონდურასი 3:1
1:0 იედინაკი (54) 2:0 იედინაკი (72 პ.) 3:0 იედინაკი (85 პ.) 3:1 ა. ელისი (90+4).
36-წლიანი პაუზის შემდეგ მუნდიალს პერუს ეროვნული გუნდი დაუბრუნდა. არგენტინელი რიკარდო გარეკას გაწვრთნილმა „ინკებმა“ ველინგტონში ნათამაშები ნულოვანი ფრის შემდეგ, ახალი ზელანდიის ნაკრებს პლეი-ოფის განმეორებით მატჩში 2:0 სძლიეს. ლიმას „ესტადიო ნასიონალზე“ მასპინძლებმა თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანეს და გაისად რუსეთში დამსახურებულად იასპარეზებენ. ამჟამად პერუს ნაკრები მსოფლიო რეიტინგში მე-10 ადგილს იკავებს, რაც ამ ნაკრების ისტორიაში საუკეთესო შედეგია - სამხრეთ ამერიკელები მუნდიალის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრაზე მეორე კალათის გუნდად იქნებიან განთესილნი.
პერუ - ახალი ზელანდია 2:0
ფარფანი (27), კ. რამოსი (65).
აქვე გეტყვით, რომ მუნდიალის მონაწილე 32 ნაკრების ქვეჯგუფების კენჭისყრა 1-ელ დეკემბერს მოსკოვში გაიმართება.