weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

The Guardian: საქართველო მეორე დონისთვის ზედმეტად კარგია

11:31 პარასკევი, 17 ნოემბერი 2017

უელსთან ტესტ-მატჩის წინ საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ექვს ერში მოხვედრის საკითხი ბრიტანულმა გამოცემა „გარდიანმა“ კიდევ ერთხელ წამოწია და „ბორჯღალოსნებს“ ვრცელი სტატია მიიუძღვნა სათაურით - „საქართველო ზედმეტად კარგია მეორე დონისთვის, თუმცა ელიტაში ჯერ ვერ მოხვდა“.

საქართველო, რომელიც შაბათ უელსს ეთამაშება, რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის გადაზრდილია, თუმცა აღმოაჩინა, რომ მისთვის ექვსი ერის კარი ჯერაც დაკეტილია. 2011 წლის მსოფლიო თასის შემდეგ გუნდი მილტონ ჰეიგმა ჩაიბარა და გუნდს დიდი პროგრესი აქვს, თუმცა ჰეიგი შიშობს, რომ ეს პროგრესი შესაძლოა შენელდეს, რადგან გასაქანი არსაით აქვთ.

„ევროპის ერთა თასი საჭირო გამოცდილებას ვერ გვაძლევს. როდესაც ნოემბრის ტესტ-მატჩების დრო დგება ვხედავთ, დონეებს შორის ასტრონომიული სხვაობაა. 2011 წლის შემდეგ, პირველი დონის გუნდებთან სულ ხუთჯერ ვითამაშეთ, ნახევარზე ნაკლები, ვიდრე - ფიჯიმ და სამოამ. მაქვს კითხვა, როგორ გავაგრძელოთ პროგრესი?!“ - ამბობს 53 წლის სპეციალისტი, რომელმაც სამწვრთნელო კარიერა ვერნ კოტერის დამხმარეს რანგში დაიწყო:

„უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში გამოჩნდა, რომ ევროპის ერთა თასისთვის გადავიზარდეთ. ეს არაა რუმინეთის, რუსეთისა და მისი მსგავსი გუნდების უპატივცემულობა, თუმცა მივაღწიეთ სტადიას, რომლის შედეგად კანადასთან 54 ქულა ავიღეთ. მიუხედავად ამისა, უკმაყოფილო დავრჩი, რადგან ვერ ვაჩვენეთ ის თამაში, რისი სურვილიც მქონდა. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს და ვისურვებდი, რომ უელსის შემდეგ გვქონოდა თამაში პირველი დონის გუნდთან, რათა საკუთარი შესაძლებლობები შევამოწმოთ“.

იტალია ასეთივე მდგომარეობაში იყო 2000 წელს, როდესაც ხუთი ერი ექვსად გადაკეთდა, მსგავსად არგენტინისა, რომელიც 2012 წლიდან სამი ერის ნაწილი გახდა. ორივე ქვეყანას დიდხანს მოუწია ლოდინი. მსოფლიო რაგბის ვიცე-პრეზიდენტი აგუსტინ პიშო ცდილობს, რომ განვითარებად ქვეყნებს დაეხმაროს და ექვსმა ერმა ახალი წევრები მიიღოს.

„ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ერთხელაც ექვსეულში მოვხვდებით. არის საუბრები და ინგლისის რაგბის კავშირის ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა სტივენ ბრაუნმა თქვა, რომ საქართველოს ნახვის დრო დადგა. ეს დიდწილად იქნება დამოკიდებული უელსსა და გაისად იტალიასთან თამაშზე, თუმცა ვიაზრებთ იმას, რომ პრიორიტეტი კომერციული სიცოცხლისუნარიანობაა. როდესაც საქართველოში ჩავედი, ჩვენი კვართის სპონსორობა 10 ათასი დოლარი ჯდებოდა, ახლა ახლა ეს თანხა ბევრად დიდია“ - ამბობს ჰეიგი.

მხარდამჭერებს შორისაა სარაგბო კლუბ „მონპელიეს“ მფლობელი მოედ ალტრადი, რომელიც ეხმარება ქართულ რაგბის და 20-წლამდე ასაკის ნაკრებებს. ახლახანს, ჰეიგის შეგირდებმა მის ბაზაზე სამდღიანი შეკრება გაიარეს.

„ქართული რაგბის გასაოცარი ფაქტი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ მხოლოდ 15 ათასი რეგისტრირებული მორაგბე გვყავს. ეს რიცხვი იზრდება, რადგან მშობლები, რომლებიც ფეხბურთს უყურებდნენ, რაგბის ფასეულობების დამფასებლები გახდნენ. მე ვნახე ერთ-ერთი სოფლის15 წლის ბავშვები, რომლებმაც უელსელ თანატოლებს 50 ქულა გაუკეთეს და რამდენჯერმე შესანიშნავად გაჭრეს ხაზი. ვიკითხე და გაირკვა, რომ ამ სოფელში სტადიონი მოეწყო და ბავშვები იქ ყოველდღე მიდიან. საქართველოში ჩასვლისას მხოლოდ ორი მოედანი გვქონდა, ახლა კი მათი რაოდენობა 16-მდე გაიზარდა. იმ დროისთვის სამოას, კანადასა და აშშ-ს ჩამოვრჩებოდით, თუმცა ახლა სიტუაცია შეცვლილია“ - ამბობს ჰეიგი.

ჰეიგი საქართველოში 2019 წლის ბოლომდე უნდა დარჩეს. მას შეუყვარდა ეს ქვეყანა და იქ მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს. უფროსი გოგო ტანმოვარჯიშეა და თავისუფლად საუბრობს ქართულად.

„ეს შესანიშნავი ადგილია შესანიშნავი საკვებით“, - ახასიათებს საქართველოს ახალ ზელანდიელი - „იქ ოთხი შესანიშნავი სეზონია, ცივი ზამთარი, ცხელი ზაფხული და ლამაზი შემოდგომა და გაზაფხული“.

მან ძლიერი მწვრთნელთა გუნდი შეკრა ავსტრალიელ რიჩარდ გრემთან, ბრედ ჰარისთან, ახალ ზელანდიელ დინ კამინსთან და ქართველ ლევან მაისაშვილთან ერთად, რომელიც პერიოდულად „სარასენსში“ იმაღლებს კვალიფიკაციას. მორკინალების უმრავლესობა საფრანგეთის ტოპ 14-ში ან ინგლისის პრემიერშიპში თამაშობს, თუმცა ადგილობრივ მოთამაშეებს დატვირთული გრაფიკი აქვთ.

„ისინი კვირაში ორჯერ ჩვენთან ვარჯიშობენ. 2011 წლის მსოფლიო თასზე, საქართელოს ჰყავდა ძლიერი შერკინება და იშვიათად იყენებდა ხაზის მოთამაშეებს. ახლა ეს შეცვლილია. მე ვისურვებდი, რომ ყველანი უმაღლეს დონეზე თამაშობდნენ, თუმცა ის ვარჯიშები, რაც მათ უტარდებათ, ისეთივე კარგია, როგორც - საფრანგეთში ან ინგლისში“.

2019 წლის მსოფლიო თასზე საქართველო ჯგუფში უელსთან ერთად მოხვდა და ჰეიგი თვლის, რომ იმ პერიოდისთვის მისი გუნდი უკეთესი იქნება.

შეგახსენებთ, რომ „ბორჯღალოსნები“ 18 ნოემბერს საქართველოს დროით 18:30 საათზე კარდიფში, 75-ათასიან „პრინსიპალიტი სტედიუმზე“ უელსის ნაკრებს შეერკინებიან.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]