weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჩემპიონთა ლიგაზე ბოლოსწინა ტური დასრულდა

12:15 ხუთშაბათი, 23 ნოემბერი 2017

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მე-5 ტურის მატჩები დასრულდა და მერვედფინალისტთა რიგებს კიდევ ორი გუნდი, „ჩელსი“ და „ბარსელონა“ შეუერთდნენ.

A ჯგუფში ერთი მატჩი ადრე შედგა: მოსკოვის არმიელთა ცენტრალურმა კლუბმა შინ ლისაბონის „ბენფიკას“ უმასპინძლა და თითო ტაიმში გატანილი თითო გოლით სძლია მეტოქეს, რომელმაც მიმდინარე ტურნირზე ხუთივე შეხვედრა წააგო. მოსკოველთა სიხარულმა დიდ ხანს არ გასტანა, რაგდან ქვეჯგუფის მეორე შეხვედრაში შვეიცარიის ჩემპიონმა „ბაზელმა“ საკუთარ მოედანზე პირველადგილოსანი „მანჩესტერ იუნაიტედის“ დამარცხება შეძლო, რისი გამოცდილებაც აქამდეც ჰქონდა. „ზანკტ იაკობ პარკზე“ გამართულ თანაბარ ბრძოლაში, სადაც საგოლე მომენტები უხვად იქმნებოდა და ბურთიც რამდენიმეჯერ მოხვდა ძელსა და ხარიხას, ერთადერთი გოლი საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წუთით ადრე გავიდა. „ბაზელმა“ საჭირო სამი ქულა მოიპოვა და ბოლო ტურს ოპტიმისტურად ეგებება.

მოსკოვის ც.ს.კ.ა. - ბენფიკა 2:0

შჩენიკოვი (13) ჟარდელი (56 ს.კ.).

ბაზელი - მანჩესტერ იუნაიტედი 1:0

ლანგი (88).

B ჯგუფში საკუთარი შეხვედრები კვლავ მოიგეს მერვედფინალში უკვე გასულმა „პსჟ“-მ და „ბაიერნმა“. გადასარევ ფორმაში მყოფმა პარიზელებმა ნაქები შემტევი ტრიოს ხარჯზე კიდევ ერთხელ დადგეს გოლეადა. მიუხედავად იმისა, რომ სტუმარი „სელტიკისგან“ უსწრაფესი გოლი გაუშვეს, უნაი ემერის გუნდმა შვიდი გოლით უპასუხა გლაზგოელებს: ჯერ ადრიენ რაბიოს კარგი თამაშის შემდეგ ნეიმარი შეიჭრა საჯარიმოში და მახვილი კუთხიდან გაათანაბრა, შემდეგ კი თითქმის იგივე სიტუაციიდან წინ გაიყვანა გუნდი, ამას კავანისა და მბაპეს გოლები მოყვა და ტაიმიც დასრულდა. მეორე ნახევარში პარიზულმა კლუბმა კიდევ სამჯერ დაამწუხრა მეკარე კრეიგ გორდონი და ფანტასტიური შედეგიანობა და სტატისტიკა გაიუმჯობესა: ხუთი მატჩიდან ხუთი მოგება, ბურთების შეფარდება კი 24:1. მინიმალური სხვაობით მოიგო მიუნხენურმა გრანდმა, რომელმაც სტუმრად ბრიუსელის „ანდერლეხტი“ დაჯაბნა. მასპინძლები ურიგოდ არ გამოიყურებოდნენ და ბავარიელთა მეკარე სვენ ულრაიხსაც მრავალი სეივის გაკეთება მოუხდა, თუმცა კლასმა მაინც თავისი გაიტანა და იუპ ჰაინკესის გუნდმა მორიგი გაამრჯვება იზეიმა.

პარი სენ-ჟერმენი - სელტიკი 7:1

0:1 მ. დემბელე (1) 1:1 ნეიმარი (9) 2:1 ნეიმარი (22) 3:1 კავანი (28) 4:1 მბაპე (35) 5:1 ვერატი (75) 6:1 კავანი (79) 7:1 დანი ალვესი (80).

ანდერლეხტი - ბაიერნი 1:2

0:1 რ. ლევანდოვსკი (51) 1:1 ჰანი (63) 1:2 ტოლისო (77).

C ჯგუფიდან პირველი მერვედფინალისტი ლონდონის „ჩელსი“ გახდა, რომელმაც ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე „ყარაბაღს“ იოლად სძლია. რაც შეეხება მოგვიანებით გამართულ მეორე შეხვედრას, მადრიდის „ატლეტიკომ“ მეორე ტაიმში ფრანგი ფორვარდების გოლებით გატეხა „რომა“, თუმცა დიდი ალბათობით, დიეგო სიმეონეს გუნდი პლეი-ოფში ვერ გააღწევს, რადგან ბოლო ტურში ხელსაყრელ სიტუაციაში „რომა“ უფრო იმყოფება.

ყარაბაღი - ჩელსი 0:4

აზარი (21 პ.), ვილიანი (36), ფაბრეგასი (73 პ.), ვილიანი (85).

მადრიდის ატლეტიკო - რომა 2:0

გრიზმანი (69), გამეირო (85).

ტურის ცენრტრალური მატჩი იტალიის ქალაქ ტურინში გაიმართა. D ჯგუფის ფავორიტებად მიჩნეულმა გრანდებმა, „იუვენტუსმა“ და „ბარსელონამ“ მართალია შეხვედრა უგოლოდ დაასრულეს, თუმცა სანახაობრივ თამაშში ბევრი საგოლე მომენტი შეიქმნა, განსაკუთრებით რეალური კი უკანასკნელ წუთზე შეხვედრის საუკეთესო მოთამაშის, პაულო დიბალას უზუსტესი დარტყმა იყო, რომელიც საოცარი რეაგირებით უკუაგდო მარკ-ანდრე ტერ-შტეგენმა. სხვათა შორის, „ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგაზე 0:0 ზედიზედ მეორედ ითამაშა და ასეთი რამ ამ კლუბის ისტორიაში პირველად მოხდა. პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში ლისაბონის „სპორტინგმა“ შინ პირეოსის „ოლიმპიაკოსი“ დაამარცხა და მერვედფინალში მოხვედრის ოცნება შეინარჩუნა.

იუვენტუსი - ბარსელონა 0:0

ლისაბონის სპორტინგი - ოლიმპიაკოსი 3:1

1:0 დოსტი (40) 2:0 ბრუნო სეზარი (43) 3:0 დოსტი (66) 3:1 ოჯიჯა-ოფოე (86).

ჩემპიონთა ლიგის ბოლო, მე-6 ტურის შეხვედრები 5-6 დეკემბერს გაიმართება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]