ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და ამჯერად, მართლაც მაღალ დონეზე ჩაატარა შეხვედრა. 19 წუთში საკუთარ გუნდს 11 ქულა, 5 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა. ფაჩულიამ პერსონალური ჯარიმა ერთადერთხელ მიიღო. საქართველოს ნაკრების ექს-კაპიტანმა უშეცდომოდ ითამაშა შეტევაში: 3-დან სამი ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი კი მეტოქის ფარზე ერთხელ მოხსნა. აღსანიშანვია, რომ ფაჩულია თავის გუნდის რიგებში საუკეთესო მეპასე იყო, ხოლო ჩაჭრების რაოდენობა ომრი კასპისთან ერთად ყველაზე მეტი ჰქონდა. ფაჩულია თანაგუნდელთაგან შედეგიანობით მხოლოდ სტეფ კარის (33 ქულა), კლეი თომპსონსა (29 ქულა) და ნიკ იანგს (17 ქულა) ჩამორჩა.
„გოლდენ სტეიტ ვორიორზს“ 19 თამაშში 14 მოგება და 5 მარცხი აქვს. ამ შედეგით კი დასავლეთ კონფერენციაში მეორე პოზიციაზე იმყოფება. ოკლენდელები მომდევნო შეხვედრას 26 ნოემბერს, შინ „ნიუ ორლეან პელიკანსთან“ ჩაატარებენ.