მთავარი ბრძოლა თელავის, გურჯაანისა და საგარეჯოს გუნდებს შორის გაჩაღდა. თავიდანვე დაწინაურდნენ საგარეჯოელები, რომლებიც ყველა შეხვედრას დიდი უპირატესობით იგებდნენ. თითქოს, თასის ბედი უშუალოდ ფავორიტების შეხვედრაში უნდა გადაწყვეტილიყო, მაგრამ მოულოდნელად თელაველებმა ფრედ 3:3 დაამთავრეს შეხვედრა ლაგოდეხელებთან და მათ საგარეჯოსთან შეხვედრაში მხოლოდ გამარჯვება ესჭიროებოდათ, თუმცა ვერ მოახერხეს - მათი შეხვედრაც ფრედ დასრულდა. ამის შემდეგ ყველაფერი გურჯაანისა და საგარეჯოს პაექრობაზე იყო დამოკიდებული. გურჯაანელებს ფრეც აწყობდათ, მაგრამ 1:5 დამარცხდნენ და ნანა იოსელიანის თასს საგარეჯოელები დაეუფლნენ.
საგარეჯოს გუნდის შემადგენლობაში თამაშობდნენ: ზუკა გამრეკელაშვილი, იოანე ინაშვილი, ლუკა ტიგინაშვილი, საბა დუჩიძე, ნინო ესაიაშვილი, მარიამ აგულაშვილი. გუნდის ხუთი წევრის მწვრთნელი ირაკლი ქვლივიძეა, ერთის კი – ნანი უნაფქოშვილი და ელენე ფარეშიშვილი.
გამარჯვებულებს ნანა იოსელიანის სახელობის თასი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ, კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა და ნანა იოსელიანმა გადასცეს. მათვე გადაეცათ ოქროს მედლები და დიპლომები. გარდა ამისა საპრიზო ადგილზე გასულმა მოჭადრაკეებმა საჩუქრად მიიღეს მობილური ტელეფონები, ხოლო გუნდის მწვრთნელებმა - ნოუთბუქები.
რაც შეეხება მეორე ადგილს, იგი თელაველთა კუთვნილება გახდა (მწვრთნელი თამარ ხმიადაშვილი). მათ გადაეცათ ვერცხლის მედლები და შესაბამისი დიპლომები. ხოლო გურჯაანელები (მწვრთნელი გია ქიტესაშავილი) შესაბამისად მესამე საპრიზო ადგილსა და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.