დიეგო სიმეონეს გუნდისთვის ყველაფერი ფანტასტიურად დაიწყო: მე-16 წუთისთვის „ატლეტიკო“ თანაქალაქელ პრინციპულ მეტოქე გუნდს 2:0-ს ამარცხებდა - ჯერ კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს მე-12 წუთზე საულ ნიგესმა დაუხვედრა ზუსტად თავი, ოთხ წუთში კი ფერნანდო ტორესის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ანტუან გრიზმანმა აქცია გოლად და წინა შეხვედრაში 0:3 წაგებული სხვაობის აღმოფხვრაც რეალური ჩანდა, რადგან საწყის 15 წუთში „ატლეტიკო“ სახელოვან მეტოქეს გასაქანს არ აძლევდა და ყველა კომპონენტში ჯაბნიდა, თუმცა ორი გოლის შემდეგ მასპინძლებმა უკან დაიხიეს, დაცვაზე ფიქრი დაიწყეს და ზინედინ ზიდანის გუნდს ხელ-ფეხი გაუხსნეს. ამან შედეგი მალევე გამოიღო - ტაიმის მიწურულს კარიმ ბენზემამ კუთხურის ხაზთან შესანიშნავი ფინტით სამი მეტოქე ჩამოიშორა, ტონი კროოს პასი მისცა, რომლის დარტყმაც მეკარე იან ობლაკმა მოიგერია, მაგრამ იქვე მდგარმა ისკომ ბურთს „ატლეტიკოს“ კარში მიუჩინა ადგილი. აღნიშნულმა გოლმა სიმეონესა და კომპანიას ფინალში გასვლის შანსები საკმაოდ შეუმცირა, „როხიბლანკოსს“ ამჯერად კიდევ სამი გოლის გატანა მართებდა, თუმცა მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა და „სამეფო კლუბმაც“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ გააღწია.
აღსანიშნავია, რომ ხსენებული მატჩი „ატლეტიკოსთვის“ ბოლო იყო სტადიონ „ვისენტე კალდერონზე“, რადგან მომდევნო სეზონიდან მადრიდული კლუბი ახალ საშინაო სარბიელზე ითამაშებს: 54 907 ტევადობის სტადიონის ნაცვლად, „ატლეტიკოს“ საშინაო შეხვედრებში 67 703 მაყურებელზე გათვლილი „ლა პეინეტა“ (ესპ. სავარცხელი) იგივე „ვანდა მეტროპოლიტანო“ მოემსახურება.