როგორც პრესტიჟული ესპანური გამოცემა „მარკა“ იტყობინება, კატალონიურ გრანდში მესის ყოველწლიური ანაზღაურება, ახალი ხელშეკრულების თანახმად, 30 მილიონი ევროა, რასაც ბონუსის სახით 13 მილიონი ემატება. გარდა ამისა, არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა 50 მილიონი ევრო მიიღო ხელშეკრულების გახანგრძლივებისთვის. ახალი კონტრაქტის თანახმად, მესი „კამპ ნოუზე“ 2021 წლის 30 ივნისამდე დარჩება, მისი გამოსყიდვის თანხა კი 700 მილიონი იქნება.
აქამდე, მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი მესის თანამემამულე კარლოს ტევესი იყო, რომელიც ჩინურ კლუბ „შანხაი შენჰუაში“ ყოველწლიურად 38 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
მაღალანაზღაურებად ფეხბურთელთა ტოპ-ხუთეულში ასევე შედიან: ნეიმარი („პარი სენ-ჟერმენი“, 36 მილიონი), კრისტიანო რონალდო („რეალი“, 21 მილიონი+13 მილიონი ბონუსი) და ოსკარი („შანხაი ს.ი.პ.გ.“, 24 მილიონი).