„ოქროს შტატელი მეომრების“ ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე გატარებულ 14 წუთში 11 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ფაჩულიამ ხუთიდან ხუთივე ორქულიანი და ერთი საჯარიმო ჩააგდო. ფაჩულიას თავის გუნდში საუკეთესო პლიუს-მინუს მაჩვენებელი ჰქონდა +11.
კალიფორნიულ დაპირისპირებაში „გოლდენ სტეიტს“ კევინ დურანტი და სტეფ კარი დაუბრუნდნენ, რომლებმაც გუნდს ჯამში 57 ქულა შესძინეს: 29 - დურანტმა, 28 - კარიმ.
„გოლდენ სტეიტ ვორიორზი“ 16 მოგებითა და 6 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა. ოკლენდელები მომდევნო შეხვედრას 2 დეკემბერს, ორლანდოში, „მეჯიქთან“ ჩაატარებენ.