კენჭისყრამდე გუნდები FIFA-ს მსოფლიო რეიტინგის მიხედვით, ოთხ კალათში იყვნენ განაწილებულნი. პირველ კალათში 7 უძლიერეს ეროვნულ გუნდთან ერთად რუსეთი, როგორც მასპინძელი ქვეყნის ნაკრები მოხვდა. წილისყრაზე მთავარი წესები იქნა დაცული, კერძოდ - ერთ ქვეჯგუფში ვერ მოხვდნენ ერთიდაიგივე კონტინენტური ზონის წარმომადგენელი ქვეყნების გუნდები (მაგალითად: ბრაზილია და კოლუმბია, ანდა სენეგალი და ნიგერია), გარდა ევროპისა. ევროპული ქვეყნებიდან კი ერთ ქვეჯგუფში მხოლოდ ორი გუნდის ერთად მოხვედრა იყო დაშვებული.
კენჭისყრის პროცესში წარსულში ცნობილი ფეხბურთელები: გორდონ ბენკსი, ნიკიტა სიმონიანი, დიეგო მარადონა, დიეგო ფორლანი, კაფუ, ლორან ბლანი, კარლეს პუიოლი, ფაბიო კანავარო, გარი ლინეკერი და რუსი სპორტული ჟურნალისტი მარია კომანდნაია მონაწილეობდნენ. საბოლოოდ, 32 ეროვნული ნაკრები 8 ქვეჯგუფში შემდეგნაირად გადანაწილდა:
A ჯგუფი: რუსეთი, საუდის არაბეთი, ეგვიპტე, ურუგვაი.
B ჯგუფი: პორტუგალია, ესპანეთი, მაროკო, ირანი.
C ჯგუფი: საფრანგეთი, ავსტრალია, პერუ, დანია.
D ჯგუფი: არგენტინა, ისლანდია, ხორვატია, ნიგერია.
E ჯგუფი: ბრაზილია, შვეიცარია, კოსტა რიკა, სერბეთი.
F ჯგუფი: გერმანია, მექსიკა, შვედეთი, სამხრეთ კორეა.
G ჯგუფი: ბელგია, პანამა, ტუნისი, ინგლისი.
H ჯგუფი: პოლონეთი, სენეგალი, კოლუმბია, იაპონია.
კენჭისყრის დასრულებისთანავე შედარებით სუსტ ქვეჯგუფად H ჯგუფი შეირაცხა, სხვებში კი გუნდები მეტნაკლებად თანაბრად დაკომპლექტდნენ.
აქვე გეტყვით, რომ მსოფლიო რიგით 21-ე საფეხბურთო ჩემპიონატი სტარტს 14 ივნისს, მოსკოვში რუსეთი-საუდის არაბეთის მატჩით აიღებს და 15 ივლისს, ასევე მოსკოვის „ლუჟნიკებზე“ გასამართი ფინალით დასრულდება. მუნდიალის შეხვედრები რუსეთის 11 ქალაქის 12 სტადიონზე ჩატარდება.