რუსეთის პრემიერ ლიგის ლიდერმა მოსკოვის „ლოკომოტივმა“, სადაც ცენტრალური მცველი სოლომონ (საბა) კვერკველია გამოდის, ჩემპიონატის მე-19 ტურში შინ ყაზანის „რუბინს“ 1:0 სძლია. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა და „ლოკომოტივის“ დაცვის ბურჯმა, ყოფილ გუნდთან შეუცვლელად ითამაშა. მოსკოველი „რკინიგზელები“ უახლოეს მდევარ სანკტ-პეტერბურგის "ზენიტს“ 6 ქულით უსწრებენ.
აქვე გეტყვით, რომ რუსეთის პრემიერ ლიგის ამავე ტურის მატჩში მაჰაჩყალის „ანჟიმ“ საკუთარ მოედანზე „ს.კ.ა.-ხაბაროვსკი“ 4:0 გაანადგურა. მასპინძელთა რიგებში 90 წუთი შეუცვლელად ითამაშა და კარი მშრალად შეინახა საქართველოს ნაკრების წევრმა გიორგი ლორიამ, ჯაბა ლიპარტია კი განაცხადში არ ყოფილა. ხაბაროვსკელთა დაცვის მარცხენა ფლანგი გიორგი ნავალოვსკის მთლიანი მატჩის განმავლობაში ეკავა. ამ მოგებით „ანჟიმ“ 19 ქულა დააგროვა და 14 გუნდში მე-13 ადგილზეა, ბოლო პოზიციას კი ნავალოვსკის კლუბი 12 ქულით იკავებს.
უკრაინის პრემიერ ლიგის მე-18 ტურში პოლტავის „ვორსკლამ“ შინ 3:1 დაამარცხა „ოლექსანდრია“. გამარჯვებულთა მხრიდან მესამე გოლი 49-ე წუთზე სანდრო კობახიძემ ბრწყინვალე დარტყმით გაიტანა. მისმა ქართველმა თანაგუნდელმა ანდრო გიორგაძემ კი „ვორსკლას“ ძირითად გუნდში პირველად ითამაშა - ქართველმა ფეხბურთელებმა შეუცვლელად იასპარეზეს. 12-გუნდიან ჩემპიონატში „ვორსკლა“ 28 ქულით მესამე ადგილზეა და მხოლოდ კიევის „დინამოსა“ და დონეცკის „შახტარს“ ჩამორჩება.
პოლონეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში პლოცკის „ვისლამ“ საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა გდინიას „არკა“, რომლის შემადგენლობაში მეორე ტაიმი სრულად ითამაშა ქართველმა ფეხბურთელმა ლუკა ზარანდიამ. აღსანიშნავია, რომ ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა „ვისლას“ 31 წლის შემტევმა გიორგი მერებაშვილმა - 32-ე წუთზე მისი წაქცევის გამო პენალტი დაინიშნა, თუმცა მის ურუგვაელ თანაგუნდელ ნიკო ვარელას მეტოქე გუნდის მეკარემ აუღო. 42-ე წუთზე კი მერებაშვილმა საგოლე პასი შეასრულა, რომელიც გოლად ხსენებულმა ვალერამ აქცია. გიორგი მერებაშვილმა მატჩი სრულად ჩაატარა, ეროვნული ნაკრების წევრი 64-ე წუთზე გააფრთხილეს.
ქართველთა დაპირისპირება დანიის სუპერლიგის მე-18 ტურშიც შედგა. „სილკებორგმა“ საკუთარ კედლებში 3:2 დაამარცხა „რანდერსი“. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს - რობერტ სკოვის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმისას დავით სხირტლაძე ბურთს შეეხო და გოლი ქართველ ფორვარდს ჩაეთვალა. „რანდერსმა“ მე-12 წუთზე ანგარიში გაათანაბრა - საგოლე კომბინაციაში ქართველმა შემტევმა საბა ლობჟანიძემ მიიღო მონაწილეობა, 34-ე წუთზე კი ლობჟანიძემ საგოლე პასი შეასრულა და „რანდერსი“ წინ გავიდა. 62-ე წუთზე „სილკებორგმა“ ანგარიში გაათანაბრა, 70-ე წუთზე კი დავით სხირტლაძემ დუბლი გამარჯვების მომტანი გოლით გაიფორმა - 3:2. ამავე თამაშში 77-ე წუთზე „სილკებორგის“ მაისურით მათე ვაწაძე ჩაერთო, სხირტლაძემ და ლობჟანიძემ კი მატჩი სრულად ჩაატარეს. 81-ე წუთზე სხირტლაძემ ყვითელი ბარათი მიიღო.
14-გუნდიან ჩემპიონატში „სილკებორგი“ 17 ქულით მე-12 ადგილზეა, „რანდერსი“ კი 14 ქულით მე-13 პოზიციას იკავებს და ბოლოადგილოსანს მხოლოდ 1 ქულით უსწრებს.
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-17 ტურში „სარაგოსამ“ სტუმრად მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა ხიხონის „სპორტინგი“. სტუმართა რიგებში ქართველმა შემტევმა, გიორგი პაპუნაშვილმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და 90 წუთი შეუცვლელად ითამაშა. ამ მოგებით „სარაგოსამ“ 22 ქულა დააგროვა და მე-13 პოზიციაზეა.
არნემის „ვიტესმა“, რომელსაც გურამ კაშია კაპიტნობს, სტუმრად როტერდამში ჰოლანდიის მოქმედ ჩემპიონ „ფეინოორდთან“ წააგო. ჰოლანდიის ერედივიზიონის მე-14 ტურში არნემელები „დე კუიპზე“ 0:1 დამარცხდნენ. საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა მოედანზე ორივე ტაიმი დაჰყო. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი მე-9 წუთზე გასული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა, დანიელმა ნიკოლაი იორგენსენმა გაიტანა. „ვიტესი“ 22 ქულით 18 გუნდში მე-7 ადგილზე იმყოფება.