weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა

11:31 ხუთშაბათი, 07 დეკემბერი 2017

2017-2018 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა და ყველა მერვედფინალისტი საფეხბურთო კლუბის ვინაობა გახდა ცნობილი.

E ჯგუფის ფავორიტმა „ლივერპულმა“ პლეი-ოფში გასვლაზე მეოცნებე მოსკოვის „სპარტაკს“ უმასპინძლა და „სახალხო გუნდისგან“ ქვა-ქვაზე არ დატოვა. იურგენ კლოპის გაწვრთნილმა მერსისაიდელებმა რუსეთის ჩემპიონებს შვიდი უპასუხო გოლი გაუტანეს. მოსკოველთა ამაზრზენად მოთამაშე დაცვის ხაზის წინააღმდეგ ბრწყინვალე ფორმაში მყოფ ლივერპულელებს ყველაფერი გამოსდიოდათ. ჰეთ-თრიქი ფილიპე კოუტინიომ შეასრულა, დუბლი - სადიო მანემ, თითო გოლი კი რობერტო ფირმინოსა და მოჰამედ სალაჰის ანგარიშზეა. „ენფილდ როუდზე“ განადგურებული „სპარტაკი“ ასპარეზობას ევროპა ლიგაზე განაგრძობს, რადგან პარალელურ შეხვედრაში „მარიბორმა“ და „სევილიამ“ ქულები გაიყვეს და მეორე მერვედფინალისტი ესპანური კლუბი გახდა.

ლივერპული - მოსკოვის სპარტაკი 7:0

ფ. კოუტინიო (5 პ.), ფ. კოუტინიო (15), რ. ფირმინო (19), მანე (49), ფ. კოუტინიო (50), მანე (76), სალაჰი (86).

მარიბორი - სევილია 1:1

1:0 მ. ტავარესი (10) 1:1 განსო (75).

F ჯგუფში ხუთი მატჩის მომგები „მანჩესტერ სიტი“ ბოლო ტურის შეხვედრას ზერელედ მიუდგა და სტუმრად ხარკოვში დონეცკის „შახტართან“ დამარცხდა. მოტივირებული უკრაინული კლუბის რიგებში კვლავ ბრაზილიური ლეგიონი გამოირჩეოდა, რაც შეეხება „შახტარის“ ქართველ მცველს, დავით ხოჭოლავა 89-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. პარალელურად როტერდამში მიმდინარე მატჩში „ნაპოლის“ პლეი-ოფში გასასვლელად ჰოლანდიის ჩემპიონი „ფეიენოორდის“ დამარცხება მართებდა, მაგრამ ამავე დროს „შახტარის“ ვერ უნდა მოეგო. ნეაპოლიტანელები უსწრაფესი გოლითაც დაწინაურდნენ, თუმცა ჯოვანი ვან ბრონკჰორსტის გუნდმა ხუთი მარცხის შემდეგ „კარი გაიჯახუნა“ და საშინაო შეხვედრა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოიგო. ამრიგად, მერვედფინალში „სიტი“ და „შახტარი“ გავიდნენ, მაურიციო სარის გუნდი კი ევროპა ლიგაზე გადაინაცვლებს.

დონეცკის შახტარი - მანჩესტერ სიტი 2:1

1:0 ბერნარდი (26) 2:0 ისმაილი (32) 2:1 აგუერო (90+2 პ.).

ფეიენოორდი - ნაპოლი 2:1

0:1 ზელინსკი (2) 1:1 ნ. იორგენსენი (33) 2:1 სენ-ჟიუსტი (90+1).

ყველაფერი გაირკვა G ჯგუფშიც, სადაც პლეი-ოფის საგზური ბოლო ტურამდე მხოლოდ „ბეშიქთაშს“ ჰქონდა განაღდებული, მეორე ადგილის დასაკავებლად კი „პორტო“ და „ლაიპციგი“ იბრძოდნენ. გერმანიის ვიცე-ჩემპიონმა კლუბმა უმოტივაციო სტამბოლელებს უმასპინძლა და მერვედფინალში გასასვლელად გამარჯვებასთან ერთად სურდა პორტუგალიურ კლუბს ვერ მოეგო, თუმცა ყვეაფერი პირიქით მოხდა: „ლაიპციგი“ შინ შენოლ გიუნეშის გუნდთან დამარცხდა, „პორტომ“ კი საკუთარ მოედანზე უჩვეულოდ დასუსტებულ „მონაკოს“ იოლად სძლია. პორტო-მონაკოს ემოციურ და უხვგოლიან მატჩში მაყურებელმა ორი წითელი ბარათიც იხილა

ლაიპციგი - ბეშიქთაში 1:2

0:1 ნეგრედო (10 პ.) 1:1 ნ. კეიტა (87) 1:2 ტალისკა (90).

პორტო - მონაკო 5:2

1:0 აბუბაკარი (9) 2:0 აბუბაკარი (33) 3:0 ბრაჰიმი (45) 3:1 გლიკი (61 პ.) 4:1 ალექს ტელესი (65) 4:2 რ. ფალკაო (78) 5:2 ტ. სოარესი (88).

H ჯგუფში გადამწყვეტი არაფერი მომხდარა. მადრიდის „რეალმა“ დორტმუნდის „ბორუსია“ მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვება დიდად არაფერში სჭირდებოდა, მაინც დაამარცხა. კრისტიანო რონალდომ მიმდინარე ტურნირზე მე-9 გოლი გაიტანა და გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ექვსივე მატჩში შეძლო გოლის გატანა. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის ულამაზესი და უზუსტესი დარტყმა ცხრიანში გავიდა. სტუმართაგან დუბლით პიერ-ემერიკ ობამეიანგი გამოირჩა, რომელმაც ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა, თუმცა პეტერ ბოსის გუნდი მაინც დამარცხდა. სხვათა შორის, გაბონელ ფორვარდს ჩემპიონთა ლიგაზე სულ 15 გოლი აქვს გატანილი და აქედან 5 - „რეალის“ კარში. ქვეჯგუფის პირველადგილოსანმა „ტოტენჰემმა“ აუტსაიდერი „ა.პ.ო.ე.ლ.“ იოლად დაამარცხა და ჯგუფური ტურნირი ამაღლებულ ნოტაზე დაასრულა. „რეალი“ მეორე ადგილით გავიდა მერვედფინალში, ხოლო დორტმუნდელები ევროპა ლიგაზე გადაინაცვლებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ „ბორუსიამ“ ქვეჯგუფის მესამე ადგილი მხოლოდ 2 ქულით დაიკავა და გახდა ყველაზე დაბალქულიანი გუნდი, რომელმაც ამის გაკეთება მოახერხა.

მადრიდის რეალი - დორტმუნდის ბორუსია 3:2

1:0 მაიორალი (8) 2:0 კ. რონალდო (12) 2:1 ობამეიანგი (43) 2:2 ობამეიანგი (49) 3:2 ვასკესი (81).

ტოტენჰემ ჰოტსპური - ა.პ.ო.ე.ლ. 3:0

ფ. ლორენტე (20), ჰიუნ-მიონ სონი (37), ნ’კუდუ (80).

მერვედფინალში გასულ 16 გუნდს 11 დეკემბერს შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე UEFA-ს შტაბბინაში გასამართი კენჭისყრით ერთმანეთთან დააწყვილებენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]