პირველი შეხვედრის მსგავსად, ძალიან კარგი სანახავი გამოდგა ლიონის „ოლიმპიკისა“ და „აიაქსის“ დაპირისპირება. ფრანგულმა კლუბმა წინა კვირას ამსტერდამში 1:4 წააგო და ურთულესი ამოცანის წინაშე იდგა, თუმცა ბოლომდე იბრძოლა და სასურველ შედეგამდე ძალიან ცოტა დააკლდა. ლიონში გამართული მატჩის საწყისი 30 წუთი ისე წარიმართა, რომ მასპინძელი გუნდი უშანსოდ ჩანდა: 27-ე წუთზე ამსტერდამელთა 19 წლის დანიელმა ამომავალმა ვარსკვლავმა, კასპერ დოლბერგმა მასპინძელთა დაცვის შეცდომით ისარგებლა და წინა მატჩის მსგავსად კიდევ ერთხელ გაუტანა ლიონელებს, მაგრამ ტაიმის ბოლო წუთზე ფრანგმა ცენტრფორვარდმა ალექსანდრ ლაკაზეტმა პენალტი მოიპოვა და თავადვე შეასრულა ზუსტად, ხოლო ერთ წუთში მცველების უყურადღებობით ისარგებლა და ახლო მანძილიდან შეაგდო - 2:1. მეორე ნახევარიც ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა და ანგარიშის შეცვლის შანსი ორივე გუნდს ბევრჯერ ჰქონდა, მაგრამ შეცვლაზე შესული ალჟირელი რაშიდ ღეზალის თავური დარტყმის შემდეგ ბურთი მცველ ნიკ ვირგევერს მოხვდა და „აიაქსის“ კარში შევარდა, 84-ე წუთზე კი ვირგევერმა მეორე გაფრთხილება მიიღო, მოედანი დატოვა და „აიაქსი“ ურთულეს ვითარებაში აღმოჩნდა. ლიონელებს თავისუფლად შეეძლოთ შეხვედრის დამატებით დროში გადაყვანა, სადაც 10-კაციან „აიაქსს“ ძალიან გაუჭირდებოდა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა და საბოლოო ანგარიში 3:1 ფრანგულ კლუბს ფინალში გასასვლელად აღარ ეყო.
„მანჩესტერ იუნაიტედს“ ვიგოს „სელტასთვის“ გასვლაზე ჰქონდა მოგებული (1:0) და უპირობო ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა გალისიელებმა ძალიან კარგად ითამაშეს და ინგლისური გრანდი ბოლომდე ანერვიულეს. სტუმრებმა შეხვედრა ძალიან აქტიურად დაიწყეს და რომ არა მეკარე სერხიო რომეროს დიდებული თამაში, ესპანელთა მთავარი მეგოლე იაგო ასპასი მე-4 წუთზე ანგარიშს გახსნიდა. სამაგიეროდ, პირველივე შანსი გოლად აქციეს მასპინძლებმა: მარკუს რეშფორდის დიდებული ჩაწოდება მარუან ფელაინიმ შეირგო და ახლო მანძილიდან თავით შეაგდო. ანგარიშის შეცვლა ორივე გუნდს რამდენჯერმე შეეძლო, მაგრამ მეკარეები მშვენივრად თამაშობდნენ და 85-ე წუთამდე არაფერი შეცვლილა. ნახსენებ დროს კი ფაკუნდო რონკალიამ თავი ბურთს მშვენივრად დაუხვედრა და სერხიო რომერო ადგილზე გააშეშა. ვიგოელებს ფინალში გასასვლელად ერთი გოლის გატანა ყოფნიდათ და მოედანზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა, ფეხბურთელებს ნერვებმა უმტყუნათ და 88-ე წუთზე მოხდა მცირე ინციდენტიც, რაც საბოლოოდ ერიკ ბაის და ფაკუნდო რონკალიას გაძევებებით დასრულდა, „იუნაიტედმა“ კი დარჩენილ წუთებში გაძლო და ფინალში გავიდა - 1:1.
აღსანიშნავია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ინგლისის პრემიერ ლიგაში მდგომარეობა გაირთულა, ჩემპიონთა ლიგის ზონაში ვერ ხვდება და ევროპა ლიგის მოგების ეიმედება, რაც მისთის მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ავტომატურად ასპარეზობას ნიშნავს. რაც შეეხება „აიაქსს“, ამსტერდამული გრანდი შიდა ჩემპიონატში მეორე ადგილზეა და ჩემპიონად გასახდომად ლიდერი „ფეიენოორდის“ წაფორხილებას ელოდება, ევროპა ლიგის მოგება კი მასაც ავტომატურად ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანს.