ქართული ანსამბლის ამერიკაში მიწვევა მას შემდეგ გადაწყდა, რაც NBA-ის ჩემპიონმა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ ჩემპიონის თასი საქართველოში ამოგზაურა, „შვიდკაცა“ კი აქტიურად გახლდათ ჩართული სპეციალურად გამართულ ღონისძებებში და „გოლდენ სტეიტის“ პრესსამსახურის თანამშრომლების სიმპათიაც დაიმსახურა. NBA-ის მოქმედი ჩემპიონი კლუბის პრესსამსახური ზაზა ფაჩულიას საქართველოში ჩამოჰყვა, ჯგუფი სამი წევრისგან შედგებოდა - თასზე პასუხისმგებელი პირი, ჟურნალისტი და ოპერატორი, რომელიც გუნდისა და NBA-ის ვარსკვლავ სტეფ კარის პირადი ოპერატორი გახლავთ და ჩვენს ქვეყანაში გუნდის ხელმძღვანელობის თხოვნით გამოემგზავრა.
ქართული ანსამბლი ამერიკაში 15 დეკემბერს გაემგზავრება და მონაწილეობას მიიღებს „გოლდენ სტეიტის“ მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში.
„აგვისტოში აქტიურად ვიყავით ჩართული ღონისძიებებში, რომელიც NBA-ის საჩემპიონო თასის საქართველოში მოგზაურობას მიეძღვნა. ერთ-ერთი შეხვედრის დროს, „გოლდენ სტეიტის“ პრესსამსახურის წარმომადგენელმა, რომელიც ზაზა ფაჩულიას თბილისში ჩამოჰყვა, გამოთქვა სურვილი, რომ 20 დეკემბერს გოლდენ სტეიტი-მემფისის მატჩზე გვემღერა, რომელზეც ზაზა ფაჩულიას სახელობის სათამაშოები დარიგდებოდა. ცხადია, შემოთავაზებას ჩვენგან მაშინვე თანხმობა მოჰყვა, რის შემდეგაც გვთხოვეს, ამერიკის ჰიმნის ჩვენი ინტერპრეტაციით შესრულება და ოუკლენდში გაგზავნა. ჰიმნი „გოლდენ სტეიტის“ პრეზიდენტმა მოისმინა და მიწვევაც მივიღეთ. რა თქმა უნდა, ეს არის არამარტო ჩვენი, არამედ ქართველი გულშემატკივრის და მსმენელის წარმატება და ცხადია ზაზა ფაჩულიას მიერ გაწეული უდიდესი შრომის შედეგი. სწორედ ზაზას დამსახურებაა ჩვენი იქ მოხვედრა. ქართველი ცენტრი მართლაც საოცარი მოთამაშე და ადამიანია“, - განაცხადა ანსამბლის წევრმა დავით ნოზაძემ.