„გამოძიებამ დაადგინა, რომ ვაჟა კვარაცხელია და თემურ დათიკაშვილი კალათბურთის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯების - ზაზა მაჩალაძის, ირაკლი და დავით ბერიშვილების დახმარებით, თანხის სანაცვლოდ ახდენდნენ საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის“ სხვადასხვა მატჩებში სასურველი შედეგის დაფიქსირებას. ვაჟა კვარაცხელიამ და თემურ დათიკაშვილმა თითოეულ ე.წ. „ჩაწყობილ“ მატჩზე მოქალაქეს მოსთხოვეს 12 000 ლარის გადახდა, საიდანაც 2000 აშშ დოლარის ექვივალენტი თანხა ლარში მსაჯებისთვის იყო განკუთვნილი.
2017 წლის 15 და 16 დეკემბერს გაიმართა საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის“ სამი შეხვედრა, რომლებიც დასრულდა წინასწარ შეპირებული ქულათა სხვაობით, რის შემდეგაც თემურ დათიკაშვილი, ვაჟა კვარაცხელია, ზაზა მაჩალაძე, დავით ბერიშვილი და ირაკლი ბერიშვილი დაეუფლნენ მოთხოვნილ თანხას, საერთო ჯამში 36 000 ლარს“, - განაცხადეს სუს-ში.
საქმეზე გამოძიება ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 4-დან 6 წლამდე ვადით.
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.