„ხელისუფლებაში ჩვენი ყოფნის პერიოდში ზუგდიდის საფეხბურთო კლუბი იყო უმაღლეს ლიგაში, ახლა მესამე ლიგაში არიან. ვითხოვთ კონკრეტული გეგმის გაცნობას, როგორ აპირებს პოტენციური ინვესტორი კლუბის განვითარებას, რომელიც ზუგდიდის სიამაყეა“, - ციტირებს ინტერნეტგამოცემა Livepress.ge საკრებულოს წევრის ანა წითლიძის კომენტარს.
სააგენტო „რეგინფოს“ მიერ მოკვლეული მონაცემებით, შპს ზუგდიდის საფეხბურთო კლუბი იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 100 % საკუთრებაში. 2016 წლის 17 აგვისტოს ელექტრონულ აუქციონზე გაიყიდა წილის 51 % და იგი შეიძინა უკრაინის მოქალაქემ სერგეი დოროშენკომ, რომელმაც 9480 ლარი გადაიხადა. წილის შემძენის ვალდებულებას წარმოადგენდა 100 000 აშშ დოლარის ოდენობით ინვეტიციის განხორციელება 2016 წლის ბოლომდე, ხოლო 300 000 აშშ დოლარისა - 2017 – 2020 წლებში. დანარჩენი 49 % დარჩა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში.
2016 წლის 20 დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულება სერგეი დოროშენკოსა და ქალაქ ზუგდიდის მერს ირაკლი გოგოხიას შორის, რომლითაც გაუქმდა შპს-ს წილის პირობებიანი ნასყიდობის ხელშეკრულება. შესაბამისად, 21 დეკემბრიდან საფეხბურთო კლუბის 100 % წილის მესაკუთრედ დარეგისტრირდა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი.
2017 წლის 2 მარტს შპს-ს 50 % წილის გადაეცა ზუგდიდის თემის მუნიციპალიტეტს, ხოლო იმავე წლის 10 ივლისს 49 % დარჩა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, 51 % წილის მესაკუთრედ კი ზუგდიდის თემის მუნიციპალიტეტი დარეგისტრირდა.
ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმების შემდეგ, 2017 წლის 6 დეკემბრიდან, კლუბის 100 % წილის მესაკუთრეა ზუგდიდის თემის მუნიციპალიტეტი.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, 2017 წლის ბიუჯეტის პროექტით, 900 ათასი ლარი იყო გამოყოფილი საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის” დასაფინანსებლად. არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში ქალაქ ზუგდიდის მერიის მხრიდან კლუბში მზარდი ინვესტიციების ჩადებამ შედეგი არ გამოიღო და მიმდენარე წლის მდგომარეობით ზუგდიდის „ზუგდიდი“ უკვე დაქვეითდა ქვედა ლიგაში, კლუბს ასევე აქვს ფინანსური დავალიანებები.
ახლახანს დასრულებულ სეზონში საფეხბურთო კლუბმა „ზუგდიდმა“ 10 გუნდისგან შემდგარი მე-2 ლიგის გათამაშება ბოლო ადგილზე დაასრულა და რანგით დაბალ მე-3 ლიგაში დაქვეითდა.