ესპანური გუნდის ქართველი კაპიტანი პარკეტზე 29 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა და ხსენებულ დროში საკუთარ გუნდს 24 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება შესძინა. შენგელია განსაკუთრებით დიდებულად პირველ ტაიმში ითამაშა, როდესაც 14 წუთში 20 ქულა დააგროვა, სულ კი 9-დან 5 ორქულიანი, 6-დან 4 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ერთხელ კი ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა. შენგელია ორივე გუნდის რიგებში ცალსახად საუკეთესო იყო: ქულების გარდა მარგი ქმედების კოეფიციენტიც ყველაზე მაღალი ჰქონდა (31) და შესაბამისად, შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეც (MVP) გახდა.
„ბასკონიას“ 14 ტურში 7 მოგება და ამდენივე წაგება აქვს, ცხრილში კი მეცხრე ადგილზეა.
თორნიკე შენგელია და მისი თანაგუნდელები ევროლიგაში მომდევნო მატჩს 29 დეკემბერს, გათამაშების ლიდერ მოსკოვის „ცსკა“-სთან საკუთარ მოედანზე ჩაატარებენ.