პარიზულ კლუბს ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ ქაფის ფინალში ორ-ორჯერ ჰქონდა ნათამაშები, მაგრამ ყველა ჯერზე დამარცხდა და ნავსი მხოლოდ მეხუთე ცდაზე გატეხა.
ედინბურგში, „მარიფილდზე“ გამართული შეხვედრა ფრანგებისთვის ცუდად დაიწყო: ინგლისელები 22-ე წუთზე 10:0 დაწინაურდნენ, თუმცა „სტად ფრანსემ“ ჯარიმით, კაპიტან სერჯო პარისეს ლელოთი და ჟიულ პლისონმა გარდასახვით გაათანაბრა - 10:10. 57-ე წუთზე ლელომდე ჟონათან დანტიმ ირბინა. შემდეგ პარიზელები შერკინებაში დიდ უპირატესობას ფლობდნენ, ინიციატივა სრულად მოიპოვეს და ჟოფრეი დუმერუს 70-ე წუთზე დადებული ლელოთი და მორნე სტეინის გარდასახვით 25:10 დააფიქსირეს. „გლოსტერმა“ ერთი ლელო-გარდასახვა გაქვითა, მაგრამ ამით მხოლოდ სხვაობა შეამცირა და ჩელენჯ ქაფმაც მონპელიედან პარიზში გადაინაცვლა.
ზურაბ ჟვანია „სტად ფრანსეს“ განაცხადში იყო, თუმცა ფინალურ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. მიუხედავად ამისა, ის პრესტიჟული ჯილდოს დამსახურებული მფლობელია, რადგან ფინალამდე ტურნირის რვავე მატჩში მიიღო მონაწილეობა და მეოთხედფინალში „ოსპრეიზს“ უელსში ლელოც დაუდო. თასის გამარჯვებულია გიორგი მელიქიძეც, რომელსაც 24 მაისს 21 წელი უსრულდება. მან ჩელენჯ ქაფზე ჯგუფური ეტაპის ექვსივე შეხვედრაში ითამაშა.