weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

ხელბურთში ევროპის ჩემპიონატი თელავის ახალ არენაზე გაიმართება

10:55 პარასკევი, 29 დეკემბერი 2017

ევროპის ხელბურთის ფედერაცია (EHF) დათანხმდა საქართველოს ეროვნული ფედერაციის წინადადებას, 2018 წლის ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატის თბილისიდან თელავში გადატანის შესახებ. გადაწყვეტილება გერმანიის ქალაქ ჰამბურგში EHF-ის აღმასკომის სხდომაზე მიიღეს.

ტურნირი 2018 წლის 10-19 აგვისტოს ჩატარდება და მონაწილეობას 11 ქვეყანა მიიღებს, ხოლო თელავის ახალი არენა 2018 წლის დასაწყისში იქნება მზად.

საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ ამ შეჯიბრების მასპინძლობის უფლება 2016 წლის სექტემბერში მოიპოვა. მასპინძელ არენად წარდგენილი იყო თბილისის ოლიმპიური სასახლე. მაშინ თელავში არენის მშენებლობა დაწყებული არც იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა 2018 წლისთვის დასრულდება, გაჩნდა შეჯიბრების თელავში გადატანის იდეა. საქართველოს ფედერაციამ არენის შეცვლის წინადადება 2017 წლის ნოემბერში, ვენაში გამართულ სპეციალურ სამუშაო შეხვედრაზე წამოაყენა და დაასაბუთა, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ხელბურთის შემდგომი განვითარებისთვის მთელს ქვეყანაში და კერძოდ, კახეთის რეგიონში, რომელსაც მდიდარი სახელბურთო ტრადიციები გააჩნია.

14 დეკემბერს თელავს EHF-ის საშეჯიბრო განყოფილების წევრი თომას განგელი ეწვია. სტუმარი დარწმუნდა, რომ ახალი არენა 2018 წლის დასაწყისისთვის მზად იქნება და ის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შენდება, 11 გუნდისა და ოფიციალური პირებისთვის ქალაქში სრულიად საკმარისი სასტუმრო ინფრასტრუქტურაა, ხოლო ქალაქისა და რეგიონის ხელმძღვანელობა საორგანიზაციო კომიტეტს ყოველგვარ თანადგომას აღუთქვამს. თომას განგელის მოხსენებას გაეცნო აღმასკომი და თელავი მასპინძელ ქალაქად დაამტკიცა.

თელავში ახალი არენის აშენება ხელბურთის ფედერაციის „ოთხი ქალაქის კონცეფციის“ ნაწილია, რომლითაც ის წარსდგა 2013 წელს ყატარში, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესზე, სადაც საქართველომ 2017 წლის ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მიიღო. სამწუხაროდ, სამი ახალი არენის აშენება 2017 წლისთვის ვერ მოხერხდა და მსოფლიო ჩემპიონატს მხოლოდ თბილისმა უმასპინძლა, მაგრამ ახალი სპორტის სასახლეების მშენებლობა უკვე სრულდება ბათუმში, თელავსა და გორში.

თელავის სპორტის სასახლის მთავარ დარბაზში 2 ათასამდე მაყურებელი დაეტევა, მცირე დარბაზში კი - 500. მცირე დარბაზსა და თამაზ ანთაძის სახელობის არენის დარბაზს ჩემპიონატის მონაწილეები სავარჯიშოდ გამოიყენებენ. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, ევროპის ხელბურთის ფედერაცია 2018 წელს ასრულებს ასაკობრივი ჩემპიონატების რეფორმას, რომლის მიხედვითაც უქმდება საკვალიფიკაციო ტურნირები. ანალოგიური ტურნირს საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ 2016 წელს ოლიმპიურ სასახლეში უმასპინძლა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]