weather cur horoscope tv
ივნისი 01, 2020

„სარასენზმა“ რაგბის ჩემპიონთა თასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა

10:09 ორშაბათი, 15 მაისი 2017 hits 1333

ინგლისის სარაგბო კლუბმა „სარასენზმა“ ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალში ფრანგული „კლერმონი“, რომლის რიგებში სამი ქართველი მორაგბე: დავით ზირაქაშვილი, ვიტო კოლელიშვილი და ოთარ გიორგაძე გამოდის, ანგარიშით 28:17 დაამარცხა და შარშან მოპოვებული ევროპის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო კიდევ ერთი წლით შეინარჩუნა.

თავის მხრივ „კლერმონი“ პლანეტის ყველაზე უიღბლო გუნდი გახდა - ფრანგულმა გუნდმა არსებობის ისტორიაში მე-15 ფინალი წააგო (აქედან სამი ჩემპიონთა თასზე: 2013, 2015 და 2017 წლებში). ფრანგებს ცუდად არ უთამაშიათ და მეორე ტაიმში მატჩის მსვლელობაში თითქოს გარდატეხაც შეიტანეს, მაგრამ „სარასენზმა” საჭირო დროს კიდევ უფრო მოუმატა და ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში, სტადიონ „მარიფილდზე“ გამართულ ფინალს 55 ათასი მაყურებელი დაესწრო. ინგლისელებმა პირველი მეოთხედი მაღალ დონეზე ჩაატარეს. ქრის ეშტონმა და ჯორჯ კრუზმა ლელოები დადეს, ოუენ ფარელმა ერთი გარდასახა და „სარასენზი“ 22-ე წუთზე 12:0 დაწინაურდა. ეშტონისთვის ეს 37-ე ლელო იყო ჩემპიონთა თასზე და ის ტურნირის ისტორიაში საუკეთესო მელელოვეთა სიაში დაწინაურდა.

„კლერმონმა“ თამაშის გათანაბრება მოახერხა და შესვენებამდე რემი ლამერამ ერთი ლელო გაქვითა, ხოლო მორგან პარამ გარდასახვით ჩამორჩენა 5 ქულამდე დაიყვანა - 7:12.

მეორე ტაიმის დებიუტში ფარელმა ჯარიმა გაიტანა, მაგრამ ერთ წუთში „კლერმონელმა“ პესელი იატოს კარგი გარღვევა ლელოთი ნიკ აბენდანონმა დაასრულა და პარამ გარდასახვით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. მომდევნო 5 წუთში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს და დასკვნითი მეოთხედის წინ სხვაობა კვლავ მინიმალური იყო. „კლერმონი“ შერკინებაში უპირატესობას ფლობდა, რაც ფრანგებს წარმატების იმედს აძლევდა, თუმცა „სარასენზი“ წნეხს კარგად გაუმკლავდა, 73-ე წუთზე ალექს გუდის ლელოთი და ფარელის გარდასახვით გამარჯვებას მიუახლოვდა, ხოლო 79-ე წუთზე ფარელმა ჯარიმით საბოლოო წერტილი დასვა და ინგლისურმა კლუბმა ჩემპიონთა თასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

ფინალურ შეხვედრაში „კლერმონის“ რიგებიდან მხოლოდ ერთმა ქართველმა, დავით ზირაქაშვილმა ითამაშა. ქართველმა ბურჯმა დაწყებიდან 77-ე წუთამდე უდიდესი შავი სამუშაო შეასრულა. პირველ ტაიმში მას მარკო ვუნიპოლა ასე თუ ისე წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ შესვენების შემდეგ ქართველმა ვიზავი შერკინებაში სრულად დაჩაგრა. დავითმა დაცვაში 10 ბოჭვა შეასრულა, ბურთი 5-ჯერ მიიღო და ის ჯამში 5 მეტრით წინ წაწია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]