„გვინდოდა გამოგვეყო და ხაზი გაგვესვა ბატონი ნოდარის ღვაწლისთვის - იმ სიხარულისთვის, გამარჯვებისთვის და აღტაცებისთვის, რომლითაც წლების განმავლობაში ხარობდა ქართული საზოგადოება. ეს იყო საბჭოთა პერიოდი და მახსოვს ის ემოცია, რომელიც არამხოლოდ სპორტულ აღტაცებაში ითარგმნებოდა, არამედ ითარგმნებოდა პატრიოტიზმის განცდაში, როდესაც ჩვენი ფეხბურთელები ამ მაღალ წარმატებას აღწევდნენ. ეს მეხსიერება და პატივისცემა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალი თაობის აღსაზრდელად. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ბატონი ნოდარის ღვაწლის აღსანიშნავად, გარდაცვალების შემდეგ დავაჯილდოვოთ სახელმწიფოსა და ხალხისგან მადლიერებით“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
მედეა ახალკაცმა მამამისის წვლილის დაფასებისათვის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ჯილდო დიდი პატივია მისი ოჯახისთვის.
თბილისის საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი ნოდარ ახალკაცი 1998 წელს, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.