NBA-ს მიმდინარე ჩემპიონატში ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტ ვორიორზმა” შინ „მინესოტა ტიმბერვულვზი“ 126:113 დაამარცხა. ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 16 წუთი დაჰყო. ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 9 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი და 1 ბლოკ-შოტი შესძინა, ასევე 8-დან 4 ორქულიანი და 2-დან ერთი საჯარიმო სროლა გამოიყენა.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ოუკლენდელი „მეომრები“ მინესოტელებთან მატჩის სტარტზევე დაწინაურდნენ და მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდნენ.
ფაჩულიას თანაგუნდელმა კევინ დურანტმა სამმაგი დუბლი შეასრულა - 28 ქულა, 11 პასი და 10 მოხსნა.
„გოლდენ სტეიტი“ 39 მოგებით და 10 წაგებით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს.