weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ზამთრის გამორჩეული საფეხბურთო ტრანსფერები

11:42 შაბათი, 03 თებერვალი 2018

ხმაურიანი ტრანსფერებით გამორჩეული ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა. შუა სეზონში განხორციელებული შენაძენებით განსაკუთრებით ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბებმა იაქტიურეს. გთავაზობთ ყველაზე გახმაურებულ საფეხბურთო ტრანსფერებს.

ინგლისის ჩემპიონატის მესამედგილოსანმა „ლივერპულმა“ ცენტრალური მცველის, ვირჯილ ვან დაიკის „საუთჰემპტონიდან“ შეძენაში 75 მილიონი ფუნტ სტერლინგი გაიღო, რითაც ჰოლანდიელი უკანახაზელი ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა. აღსანიშნავია, რომ ვან დაიკმა სადებიუტო შეხვედრაში გოლი მერსისაიდულ დერბიში „ევერტონს“ გაუტანა. ზამთარში დასრულდა ფილიპე კოუტინიოს ხმაურიანი სატრანსფერო საგა - ბრაზილიის ნაკრების წევრი როგორც იქნა გადაბარგდა „ლივერპულიდან“ კატალონიის „ბარსელონაში“ და სადებიუტო შეხვედრაც გამართა. იურგენ კლოპის გუნდი ასევე შეელია თავდამსხმელ დანიელ სტარიჯს, რომელიც იჯარის წესით ითამაშებს „ვესტ ბრომვიჩ ალბიონში“.

კოუტინიოზე არანაკლები ხმაურიანი სატრანსფერო გარიგების ავტორები კი ლონდონის „არსენალი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ გახდნენ - ჰენრიხ მხითარიანი არსენ ვენგერის გუნდში გადავიდა, ლონდონელთა რიგები კი ალექსის სანჩესმა დატოვა. „იუნაიტედში“ გადასული ჩილელი ფორვარდი კვირაში 500 000 გირვანქა სტერლინგს მიიღებს, რითაც ის ინგლისის პრემიერ ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.

ამიერიდან არსენ ვენგერის გუნდისთვის გაირჯება გაბონელი გოლეადორი პიერ-ემერიკ ობამეიანგი, „არსენალი“ კი დატოვეს თეო უოლკოტმა და ოლივიე ჟირუმ. ინგლისელი გარემარბი „ევერტონში“ გააგრძელებს კარიერას, ჟირუ კი ლონდონის „ჩელსის“ შეუერთდა. 31 წლის ფრანგმა თავდამსხმელმა კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ახალი კლუბის შემადგენლობაში იგი მე-18 ნომრით იასპარეზებს. ჟირუს ტრანსფერში „ჩელსიმ“ 18.5 მილიონი ევრო დახარჯა. ლონდონელმა „არისტოკრატებმა“ მანამდე როს ბარკლიც შეიძინეს, რომელიც „ევერტონმა“ 15 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ დათმო. ზემოთ ხსენებული უოლკოტის შეძენამდე მერსისაიდელმა „ლურჯებმა“ სტამბოლის „ბეშიქთაშიდან“ თურქი ბომბარდირი ჯენქ თოსუნიც გადაიბირეს, ბოლო დღეებში კი „მანჩესტერ სიტიდან“ 26 წლის ფრანგი ცენტრალური მცველი ელიაკიმ მანგალა გაიფორმეს. რაც შეეხება თურქეთის ჩემპიონ გუნდს, „ბეშიქთაშმა“ ხორვატიის ნაკრების მცველ დომაგოი ვიდასა და ბრაზილიელ ვეტერან ვაგნერ ლავს გაუფორმა კონტრაქტები.

პრემიერ ლიგის სხვა კლუბებიდან მეტნაკლებად საინტერესო შენაძენები შეიძლება ეწოდოს ალჟირელი ისლამ სლიმანის „ლესტერ სიტიდან“ „ნიუკასლ იუნაიტედის“ გადასვლას და „პარი სენ-ჟერმენიდან“ ათვალწუნებული ლუკას მოურას „ტოტენჰემ ჰოტსპურში“ ტრანსფერს. ბრაზილიელმა შემტევმა ლონდონელ „დეზებთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა და 27-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. პარიზელებმა კი გამოცდილი ფრანგი ნახევარმცველი ლასანა დიარა დაიმატეს.

ზამთრის სატრანფერო ფანჯარა აქტიურად გამოიყენა კატალონიის „ბარსელონამ“. ფილიპე კოუტინიოს გარდა, რომელმაც გუნდიდან წასული ხავიერ მასკერანოს მაისურის ნომერი (14) აიღო, ერნესტო ვალვერდეს გუნდი დატოვეს არდა თურანმა, ჟერარ დეულოფეუმ და რაფინია ალკანტარამ, რომლებმაც განათხოვრების წესით, შესაბამისად, „ისთანბულ ბაშაქშეჰირს“, „უოტფორდსა“ და მილანის „ინტერს“ მიაშურეს. თურქმა შეუახაზელმა ახალი კლუბის მაისურით გოლიც გაიტანა. საპასუხოდ კატალონიურმა გრანდმა „პალმეირასიდან“კოლუმბიელი ცენტრალური მცველი ჯერი მინა შეიძინა, რომელიც „კამპ ნოუზე“ 2023 წლამდე დარჩება.

ობამეიანგის წასვლის დანაკლისი მიში ბაჩუაის ნათხოვრობით შეივსო დორტმუნდის „ბორუსიამ“. ბელგიელმა თავდამსხმელმა ვესტფალიურ გუნდში დებიუტი დუბლით აღნიშნა. იქამდე დორტმუნდელებმა „ბაზელიდან“22 წლის მცველი მანუელ აკანჯი შეიძინეს.

გერმანულმა ფეხბურთის ფლაგმანმა „ბაიერნმა“ „ჰოფენჰაიმიდან“ გერმანიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, თავისივე აღზრდილი სანდრო ვაგნერი დაიბრუნა. 30 წლის ფეხბურთელმა 2020 წლამდე გააფორმა კონტრაქტი და ბავარიული გრანდის რიგებში გოლის გატანაც მოახერხა.

აქვე გეტყვით, რომ ვეტერანი ჰოლანდიელი ნახევარმცველი უესლი სნეიდერი ყატარში, კერძოდ კი „ალ ღარაფაში“ გადავიდა, მისი თანამემამულე გამოცდილი ფორვარდი რობინ ვან პერსი კი მშობლიურ როტერდამის „ფეიენოორდში“ დაბრუნდა. რაც შეეხება ვეტერან არგენტინელ თავდამსხმელ კარლოს ტევესს, 33 წლის „ელ აპაჩემ“ „შანხაი შენჰუა“ დატოვა და მშობლიურ „ბოკა ხუნიორსს“ მესამედ შეუერთდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]