weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 10 თებერვალს ქუთაისში ბელგიის ნაკრებს შეხვდება

18:16 ორშაბათი, 05 თებერვალი 2018

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის 2018 წლის გათამაშებისთვის ემზადება. ახალ ზელანდიელი სპეციალისტის, მილტონ ჰეიგის გაწვრთნილი გუნდი წლის პირველ შეხვედრას 10 თებერვალს, ქუთაისში, „აია არენაზე“ გამართავს. საქართველოს ნაკრების მეტოქე ბელგიის ნაკრები იქნება. მატჩი 14:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრები ბელგიასთან მატჩისთვის გაფართოებული 36 კაციანი შემადგენლობით ემზადება, საიდანაც 24 ლეგიონერია, 12 კი საქართველოს ჩემპიონატის, „დიდი 10“-ის მოთამაშე.

ამ თამაშიდან ერთ კვირაში, 17 თებერვალს, საქართველო გერმანიას ეწვევა და თბილისის დროით 17:30 საათზე მასპინძელთა ნაკრებს ოფენბახში დაუპირისპირდება. „ბორჯღალოსნებს“ ბელგიელებთან აქამდე 3-ჯერ, ხოლო გერმანელებთან 6-ჯერ უთამაშიათ და ორივე მეტოქესთან 100%-იანი შედეგი აქვთ.

„დარწმუნებული ვარ, შეძლებენ რაგბი ევროპის გათამაშებაში გამარჯვებას და ასევე ანთიმოზ ივერიელის თასის დაბრუნებას, რომელიც ჩვენსა და რუმინეთის ნაკრებს შორის თამაშდება. კარგად ვიცი, რომ ეს წელი უმნიშვნელოვანესია თქვენთვის, როგორც 2019 წლის რაგბის მსოფლიოს თასის მოსამზადებელი ეტაპი. 2015 წელს, ინგლისში გამართულ მსოფლიოს თასზე საოცარი, თავდაუზოგავი ასპარეზობით, ქართველი და ამასთან არაერთი უცხოელი გულშემატკივრის აღფრთოვანება გამოიწვიეს. შედეგიანმა თამაშმა კი ავტომატურად მოგვიტანა იაპონიაში, 2019 წელს გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური. მჯერა, იაპონიაშიც წარმატებით ითამაშებენ და ქართულ რაგბს კიდევ უფრო მაღალ სიმაღლეზე აიყვანენ. ამის თქმის უფლებას მაძლევს, რაგბის კავშირის და სამინისტროს მიერ, სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელებული არაერთი, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელმაც ქართული რაგბის განვითარებას ახალი, მძლავრი ბიძგი მისცა და ქართულ რაგბს მსოფლიოს სარაგბო ოჯახში პოზიციები განუმტკიცა“, - განაცხადა საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.

„ბორჯღალოსნები“ ნაკრების არსებობის 28-წლიან ისტორიაში ქუთაისში მესამედ ითამაშებენ. პირველი შეხვედრა 1989 წლის 12 სექტემბერს გაიმართა. მაშინ ქუთაისს ზიმბაბვეს ნაკრები ეწვია და საქართველომ პირველ, ისტორიულ მატჩში მეტოქე 16:3 დაამარცხა. 2005 წლის 12 ივნისს, ასევე ქუთაისში „ბორჯღალოსნებმა“ მაშინდელი ერთა თასის ეგიდით გამართულ შეხვედრაში ჩეხეთის ნაკრები მიიღეს, მეტოქეს 11 ლელო გაუტანეს, 75:10 დაამარცხეს და გატანილ-გაშვებული ქულათა უკეთესი სხვაობით წელი პირველ ადგილზე დაასრულეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]