ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ტოტენჰემმა“ მაღალ დონეზე ითამაშა და ქვეჯგუფში უკან მოიტოვა მადრიდის „რეალი“ და დორტმუნდის „ბორუსია“. მიუხედავად ამისა, წყვილში ფავორიტის დასახელება რთულია და საერთო შეფასებით, ლონდონელთა და ტურინელთა შანსები თანაბარია. აღსანიშნავია ისიც, რომ აქამდე გუნდები ერთმანეთს ოფიციალურ მატჩებში არასოდეს შეხვედრიან, ასე რომ, ურთიერთდაპირისპირებაში ისტორიის დაწერას დღეს დაიწყებენ. „ტოტენჰემს“ დღევანდელ მატჩში ბელგიელი მცველი ტობი ალდერვეირელდი დააკლდება, საეჭვოა უკანახაზელ დენი როუზის თამაშიც. უფრო სერიოზული დანაკლისი აქვს იტალიის ჩემპიონს – ფორვარდმა პაულო დიბალამ ვარჯიში დაიწყო, მაგრამ დღეს მისი თამაში გამორიცხულია. მის გარდა, მასიმილიანო ალეგრის კრებულს ხუან კუადრადოსა, ანდრეა ბარძალისა და ბლეზ მატუიდის იმედიც არ ექნება.
დავითისა და გოლიათის დაპირისპირებად მოინათლა ბაზელი-მანჩესტერ სიტის წყვილი, რადგან პეპ გვარდიოლას გუნდი აშკარა ფავორიტია, უფრო მეტიც, ინგლისურ კლუბს ბევრი სპეციალისტი მიმდინარე ტურნირის მოგების კანდიდატადაც მიიჩნევს. მანჩესტერელები ბრაზილიელ თავდამსხმელ გაბრიელ ჟეზუსს მოინაკლისებენ, სხვა მხრივ კი ოპტიმალური შემადგენლობით გავლენ „ზანკტ იაკობ პარკზე“.
ორივე შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი და მეორე არხი აჩვენებენ.