იტალიის ჩემპიონმა „იუვენტუსმა“ ლონდონის „ტოტენჰემ ჰოტსპურთან“ შეხვედრა ფანტასტიურად დაიწყო - არგენტინელმა ცენტრფორვარდმა გონსალო იგუაინმა ჯერ მე-2 წუთზე გახსნა ანგარიში, მე-9 წუთზე კი პენალტით დუბლი გაიფორმა. მასპინძლები აღმაფრენით თამაშობდნენ, მაურისიო პოჩეტინოს გუნდი კი ინიციატივის მოპოვებას ცდილობდა. ორ ეპიზოდში კარგად გაისარჯა ჯანლუიჯი ბუფონი, მაგრამ „ტოტენჰემმა“ 35-ე წუთზე სხვაობა მაინც შეამცირა, როდესაც ჰარი კეინი პირისპირ დარჩა ბუფონთან, მოატყუა და ცარიელ კარში გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ინგლისელი თავდამსხმელი რეკორდის ავტორი გახდა - აქამდე ჩემპიონთა ლიგაზე საწყის ცხრა მატჩში ცხრა გოლი არავის ჰქონდა გატანილი. ტაიმის ბოლო წუთზე მასიმილიანო ალეგრის გუნდს კიდევ მართებდა გატანა, მაგრამ მეორე დანიშნული თერთმეტმეტრიანი იგუაინმა ხარიხას მოარტყა. მეორე ტაიმში მაყურებელმა თანაბარი თამაში იხილა და სტუმართა გამათანაბრებელი გოლიც ლოგიკური იყო - ქრისტიან ერიკსენმა 71-ე წუთზე სტანდარტული სიტუაციიდან დაჯაბნა ბუფონი და განმეორებითი შეხვედრისთვის უდიდესი ინტრიგა დატოვა.
იხ. მატჩის ვიდეომიმოხილვა
პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში პრაქტიკულად გაირკვა შემდეგ ეტაპზე გამსვლელის ვინაობა. პეპ გვარდიოლას გაწვრთნილმა „მანჩესტერ სიტიმ“ ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანა მასპინძელ „ბაზელს“ და ფაქტობრივად ყველაფერი გადაწყვიტა. გოლები ილქაი გიუნდოღანმა (დუბლი), ბერნარდო სილვამ და სერხიო აგუერომ გაიტანეს.
იხ. მატჩის ვიდეომიმოხილვა
დღეს კიდევ ორი მერვედფინალური შეხვედრა გაიმართება. „პორტო“ „ლივერპულს“ უმასპინძლებს, მადრიდის „რეალი“ კი - „პარი სენ-ჟერმენს“.