მადრიდის „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართული მატჩი ორმხრივ შეტევებში დაიწყო. გუნდები სახიფათო მომენტებს ცვლიდნენ და საგოლე ეპიზოდებსაც მონაცვლეობით ქმნიდნენ. ანგარიში სტუმარმა პარიზელებმა 33-ე წუთზე გახსნეს, როდესაც ადრიენ რაბიომ ლამაზი კონტრშეტევა დაასრულა გოლით. თამაში ანალოგიური სურათით გაგრძელდა და მასპინძლებმა ტაიმის ბოლო წუთზე პენალტით გაათანაბრეს - კრისტიანო რონალდომ სარეკორდო გოლების მონაგარი გაზარდა. მეორე ნახევარში გუნდებმა კიდევ უფრო აქტიურად შეუტიეს ერთმანეთის კარს. კვლავ იქმნებოდა ორმხრივი საგოლე მომენტები, საბოლოოდ კი შეცვლებით ზინედინ ზიდანს გაუმართლა, უნაი ემერიმ კი კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გადამწყვეტ მომენტებში უჭირს სწორი გადაწყვეტილების მიღება, განსაკუთრებით - შეცვლების თვალსაზრისით. უკანასკნელ შვიდ წუთში ტურნირის მოქმედმა გამარჯვებულმა „რეალმა“ იმავე რონალდოსა და მარსელოს სამწუთიან ინტერვალში გატანილი გოლებით გატეხეს ნაქები „პარი სენ-ჟერმენი“ და სამი კვირის თავზე გასამართი საპასუხო მატჩისთვის სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს.
იხ. მატჩის ვიდეომიმოხილვა
პარალელურად მიმდინარე შეხვედრამ წყვილში გამარჯვებულის ბედი გაარკვია. იურგენ კლოპის გაწვრთნილმა „ლივერპულმა“ შესანიშნავ ფორმაში მყოფი ფორვარდების ხარჯზე მასპინძელი „პორტო“ ხუთი უპასუხო გოლით გააცამტვერა და მეოთხედფინალის საგზური პრაქტიკულად გაინაღდა. პორტუგალიურ კლუბს ჰეთ-თრიქი შეუსრულა სენეგალელმა სადიო მანემ, თითო გოლი კი მოჰამედ სალაჰისა და რობერტო ფირმინოს ანგარიშზეა.
იხ. მატჩის ვიდეომიმოხილვა