weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პიონჩანი 2018: ოლიმპიადის გმირები და რეკორდები

12:49 ორშაბათი, 26 თებერვალი 2018

სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანის ზამთრის ოლიმპიური თამაშები ისტორიული გამოდგა კორეის ნახევარკუნძულისთვის, რადგან ოლიმპიადის გახსნისა და დახურვის საზეიმო ცერემონიაზე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა გაერთიანებული გუნდით გამოვიდა, ქალთა ჰოკეიში კი ერთი ნაკრებით იასპარეზეს. ზამთრის XXIII ოლიმპიადა გამორჩეული მედლებისა და შედეგების მხრივაც იყო.

პიონჩანში 3-3 ოქროს მედალს დაეუფლნენ ფრანგი ბიატლონისტი მარტენ ფურკადი და ნორვეგიელი მოთხილამურე იოჰანეს ჰიოსფლოტ კლებო.

უნიკალურ შედეგს მიაღწია ნორვეგიელმა მოთხილამურე მარიტ ბიორგენმა, რომელმაც პიონჩანში 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გახდა ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში ქალ და ვაჟ სპორტსმენებს შორის ყველაზე უხვმედალოსანი ათლეტი, ქალ სპორტსმენებს შორის კი - ყველაზე ტიტულოვანი: 37 წლის ნორვეგიელი სპორტსმენის ოლიმპიური მონაგარი 8 ოქროს, 4 ვერცხლსა და 3 ბრინჯაოს მედალს ითვლის.

ნორვეგიელებმა ერთ ოლიმპიადაზე მოპოვებული მედლების რაოდენობით (39) რეკორდი დაამყარეს. სკანდინავიელებმა მედლების საერთო ჩათვლაში აშშ-ის ნაკრების მიერ ვანკუვერის თამაშებზე მოპოვებული 37-მედლიანი რეკორდი ორით გააუმჯობესეს. ნორვეგიელებმა ჯამში 14 ოქროს, ამდენივე ვერცხლის და 11 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრეს. ამასთან, უმაღლესი სინჯის მედლების რაოდენობით კანადელების მიერ ასევე ვანკუვერში დამყარებული რეკორდი გაიმეორეს.

სარეკორდო გამოდგა ტრამპლინიდან მხტომელი ნორიაკი კასაის ასპარეზობა - ორი ოლიმპიური ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლის მფლობელი იაპონელი სპორტსმენი ისტორიაში გახდა პირველი ათლეტი, რომელმაც ზამთრის რვა ოლიმპიადაზე მიიღო მონაწილეობა.

აღსანიშნავია ციგურებით რბენაში ჰოლანდიელი სვენ კრამერის მიღწევაც. 5000 მეტრზე მსოფლიო რეკორდით მოგებული ოქროს მედლით კრამერი ერთადერთია, რომელიც სპორტის ამ სახეობის ამავე დისციპლინაში ვაჟთაგან სამგზის ჩემპიონი გახდა. გარდა ამისა, პირველია ვაჟ სპორტსმენთა შორის, რომელსაც ციგურებით რბენაში ჯამში ცხრა ოლიმპიური მედალი დაუგროვდა. ჰოლანდიელმა ირენ ვიუსტმა ციგურებით რბენაში პიონჩანში მოპოვებული ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მედლით ოლიმპიური მონაგარი თერთმეტამდე გაზარდა და მედლების რაოდენობით ქალთა თუ ვაჟთა შორის სპორტის ამ სახეობის ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდა.

რამდენიმე რეკორდი დამყარდა ფიგურულ სრიალშიც. ტესა ვირტიუსა და სკოტ მოირის კანადურმა წყვილმა სპორტულ ცეკვებში მოკლე და თავისუფალი პროგრამების ჯამში დაგროვილი 206.07 ქულით მსოფლიოს რეკორდი დაამაყარა. რეკორდული აღმოჩნდა კანადელთა დუეტის მიერ ოლიმპიადებზე მოპოვებული მედლებიც: ვანკუვერის ოქროს, სოჭის ორი ვერცხლის, პიონჩანის გუნდურსა და სპორტულ ცეკვებში მოპოვებული უმაღლესი სინჯის მედლებით კანადელები ოლიმპიადების ისტორიაში სპორტის ამ სახეობის ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენები გახდნენ. საინტერესოა ისიც, რომ ვირტიუ-მოირის სარეკორდო და საჩემპიონო ასპარეზობას წინ უძღოდა ოლიმპიადის დებიუტანტი ფრანგების, გაბრიელა პაპადაკისისა და გიიომ სიზერონის მიერ თავისუფალსა (123.35) და შემდგომ უკვე ორივე პროგრამის ჯამში (205.28) თავიანთივე მსოფლიო რეკორდების გაუმჯობესება.

რეკორდები ქალთა მოკლე პროგრამასაც ახლდა, თანაც - რამდენიმეწუთიან ინტერვალში ორჯერ: თავდაპირველად რეკორდული ქულები (81.61) ევგენია მედვედევამ დაიმსახურა, შემდეგ კი ალინა ზაგიტოვამ გააუმჯობესა (82.92) თანაგუნდელის შედეგი, მოგვიანებით კი მათ ვერცხლისა და ოქროს მედლებიც მოიპოვეს. საინტერესოა, რომ ორივე მედალოსანი ეთერ თუთბერიძის მოწაფეა.

პიონჩანის ოლიმპიადის ერთ-ერთ გმირად უნდა შეირაცხოს 22 წლის ჩეხი ესტერ ლედეცკა, რომელიც ერთდროულად სამთო-მოთხილამურეთა სუპერგიგანტურ სლალომში და სნოუბორდისტთა პარალელურ გიგანტურ სლალომში გამოვიდა და ორივეგან ჩემპიონი გახდა.

შეგახსენებთ, რომ პიონჩანის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში სულ 92 ქვეყანის 2 925 სპორტსმენი მონაწილეობდა, მედლების მოპოვება 30 ქვეყნის წარმომადგენლებმა შეძლეს.

პიონჩანის ზამთრის ოლიმპიადის მედლების მონაგარის მიხედვით საუკეთესო ათეული კი ასეთია:

  1. ნორვეგია - 14 ოქრო, 14 ვერცხლი, 11 ბრინჯაო
  2. გერმანია - 14 ოქრო, 10 ვერცხლი, 7 ბრინჯაო
  3. კანადა - 11 ოქრო, 8 ვერცხლი, 10 ბრინჯაო
  4. აშშ - 9 ოქრო, 8 ვერცხლი, 6 ბრინჯაო
  5. ჰოლანდია - 8 ოქრო, 6 ვერცხლი, 6 ბრინჯაო
  6. შვედეთი - 7 ოქრო, 6 ვერცხლი, 1 ბრინჯაო
  7. სამხრეთ კორეა - 5 ოქრო, 8 ვერცხლი, 4 ბრინჯაო
  8. შვეიცარია - 5 ოქრო, 6 ვერცხლი, 4 ბრინჯაო
  9. საფრანგეთი - 5 ოქრო, 4 ვერცხლი, 6 ბრინჯაო
  10. ავსტრია - 5 ოქრო, 3 ვერცხლი, 6 ბრინჯაო
პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]