ჩემპიონთა ლიგის სათამაშო ფორმატი უცვლელი რჩება და ტურნირში კვლავინდებურად 32 გუნდი ძველი სისტემით ითამაშებს, თუმცა პირდაპირ საგზურს ტურნირზე 26 გუნდი მიიღებს საკუთარ ჩემპიონატებში ნაჩვენები შედეგების მიხედვით. კერძოდ, ჯგუფურ ეტაპზე ავტომატურად მოხვდება ესპანეთის, ინგლისის, იტალიისა და გერმანიის ოთხ-ოთხი საუკეთესო კლუბი. აქამდე ხსენებული ოთხი ტოპ-ჩემპიონატებიდან მეოთხე ადგილზე გასული გუნდები ჯგუფური ეტაპზე მოსახვედრად საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშობდნენ.
არის მეორე სიახლეც, რომელიც ჯერ კიდევ 2016 წლის დეკემბერში გაჟღერდა: მატჩები ახალი დროით გაიმართება. თუ აქამდე ჩემპიონთა ლიგაზე ყველა შეხვედრა ერთდროულად 22:45 საათზე (ანდა ზამთრის დროით 23:45 საათზე) იწყებოდა, დამდეგი სეზონიდან ასე აღარ იქნება. მაგალითად, ჯგუფურ ეტაპზე გასამართი რვა მატჩიდან ნაწილი 19:00 საათზე (ჩვენი დროით 21:00 და 22:00), ხოლო დანარჩენი 21:00 საათზე (ჩვენი დროით 23:00 ან 00:00) დაიწყება. აღსანიშნავია, რომ ანალოგიურ რეჟიმში გაიმართება ხუთშაბათობით ევროპა ლიგის თამაშებიც. ამის მიზეზი გასამართი მატჩების ნახვის მაქსიმალური საშუალებაა - მაყურებელს შესაძლებლობა ექნება ერთ დღეს ერთის ნაცვლად ორ მატჩს უცქიროს პირდაპირ ეთერში.
რაც შეეხება 2018-2019 წლების სეზონის კალენდარს, 10-11 ივლისსა და 17-18 ივლისს პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდება, რომელშიც საქართველოს ჩემპიონი ქუთაისის „ტორპედო“ ჩაერთვება. 24-25 ივლისსა და 31 ივლის-1 აგვისტოს მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართება, მესამე კი - 7-8 აგვისტოსა და 14 აგვისტოს. ჯგუფური ეტაპი 18-19 სექტემბერს აიღებს სტარტს და 11-12 დეკემბერს დასრულდება, მომდევნო წელს პლეი-ოფები ჩატარდება, ფინალური მატჩი კი 2019 წლის 1-ელ ივნისს მადრიდის „ატლეტიკოს“ ახალ სტადიონ „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ შედგება.