„სევილიას არგენტინის ნაკრების გამო ვტოვებ. ვაღიარებ, რომ ჩემი ბავშვობის ოცნებაა არგენტინის ნაკრებში მუშაობა და ამ წინადადებაზე უარის თქმა არ შემეძლო. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება არგენტინის ფეხბურთის ასოციაციასთან და დიდი იმედი მაქვს, რომ შეთანხმება შედგება“, - განაცხადა ხორხე სამპაოლიმ.
შეგახსენებთ, რომ არგენტინას ბოლოს ედგარდო ბაუსა წვრთნიდა, რომელსაც მწვრთნელად დანიშვნიდან ერთ წელიწადში პოსტის ვადაზე ადრე დატოვება წარუმატებელი შედეგების გამო მოუწია. „ალბისელესტე“ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ათგუნდიანი შესარჩევი ეტაპის ცხრილში მეხუთე ადგილზე იმყოფება, რაც პირდაპირ ფინალური ეტაპის საგზურის მომტანი არაა და შესაბამისად არგენტინელებს რთულ სიტუაციაში აყენებს.
რაც შეეხება ხორხე სამპაოლის, მან „სევილია“ გასულ ზაფხულში ჩაიბარა და გუნდი ესპანეთის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე გაიყვანა, რაც ესპანურ კლუბს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში თამაშის საშუალებას აძლევს. „სევილიამდე“ კი ხორხე სამპაოლიმ სახელი ჩილეს ნაკრებში მუშაობით გაითქვა, რასაც მისი ყველაზე დიდი წარმატება უკავშირდება - ჩილეს ეროვნულმა გუნდმა 2015 წლის „კოპა ამერიკას“ ფინალში სწორედ არგენტინის ნაკრები დაამარცხა.