კონფედერაციათა თასის ტურნირის ისტორია სათავეს 1995 წლიდან იღებს და მასში მხოლოდ კონტინენტების ჩემპიონები მონაწილეობენ. თავიდან ტურნირი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართებოდა, 2005 წლიდან კი FIFA-ს ჩასწორებებით, მსოფლიოს ჩემპიონატის გენერალურ რეპეტიციად იქცა და მუნდიალის მასპინძელ ქვეყნებში ჩემპიონატამდე ერთი წლით ადრე ტარდება. როგორც წესი, ტურნირზე ეროვნული ნაკრებები გადახალისებული შემადგენლობებით მონაწილეობდნენ, თუმცა ბოლო გათამაშებებზე FIFA-ს მოთხოვნით, ეროვნული გუნდები ძირითადი შემადგენლობებით ასპარეზობდნენ.
საფეხბურთო კლუბები ამ ტურნირს დიდი სიხარულით არასოდეს ხვდებოდნენ, რადგან იგი ფეხბურთელებისთვის დამატებითი დატვირთვაა, თუმცა ამჯერად სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს 2022 წელს ყატარში გასამართი მუნდიალი, რომელიც კლიმატური პირობების გამო, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის უჩვეულო დროს, ზაფხულის ნაცვლად 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება. შესაბამისად, ამ პერიოდში მოუწევს ყატარს ერთი წლით ადრე კონფედერაციათა თასის მასპინძლობაც და ამას რა რეაქცია მოჰყვება ევროპული საფეხბურთო კლუბების მხრიდან, რთული წარმოსადგენი არაა, რადგან ნოემბერ-დეკემბერში ჯერ კიდევ შუა საფეხბურთო სეზონია.
აღნიშნული სიტუაციის გათვალისწინებით, FIFA თადარიგს იჭერს და ტურნირის მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილებას დიდი ალბათობით მოსკოვში გასამართ უახლოეს კონგრესზე მიიღებს. ერთი ვერსიით, თუკი კონფედერაციათა თასს არ გააუქმებენ, მასში მონაწილეობას არა ეროვნული ნაკრებები, არამედ 21-წლამდელთა ახალგაზრდული ეროვნული გუნდები მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის კონფედერაციათა თასი რუსეთში, ოთხი ქალაქის სტადიონზე 17 ივნისიდან 2 ივლისამდე გაიმართება და მასში მონაწილეობას რვა ეროვნული ნაკრები - რუსეთი (მასპინძელი), გერმანია (მსოფლიოს ჩემპიონი), პორტუგალია (ევროპის ჩემპიონი), ჩილე (სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი), მექსიკა (ჩრდილოეთ ამერიკის ჩემპიონი), კამერუნი (აფრიკის ჩემპიონი), ავსტრალია (აზიის ჩემპიონი) და ახალი ზელანდია (ოკეანეთის ჩემპიონი) მიიღებენ.