წინასამატჩო მითქმა-მოთქმის, დაძაბულობისა და დაპირებების მიუხედავად, „რეალმა“ მასპინძელი გუნდი ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა. რომ არა მალაგელთა კამერუნელი გოლკიპერი იდრის კამენი, მადრიდელები კიდევ არაერთ გოლს გაიტანდნენ. ჩემპიონის ტიტულის წყალობით, „სამეფო კლუბი“ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგას პირველ კალათში განთესილი შეხვდება, მიმდინარე სეზონში კი მთავარი მატჩი - ჩემპიონთა ლიგის ფინალი აქვს სათამაშო ტურინის „იუვენტუსის“ წინააღმდეგ, რომელიც 2 ივნისს კარდიფში შედგება.
„რეალის“ უშუალო კონკურენტი კატალონიური „ბარსელონა“ სახლში ბასკურ „ეიბარს“ მასპინძლობდა. ლუის ენრიკეს გუნდს გასაჩემპიონებლად მეტოქის დამარცხება მართებდა იმ პირობით, რომ მადრიდული გრანდი პარალელურად მალაგაში დამარცხდებოდა, თუმცა როგორც უკვე ვახსენეთ, ეს ასე არ მოხდა, უფრო მეტიც, „ბარსელონას“ არ უმართლებდა და საკუთარ მოედანზე მოკრძალებულ კლუბთან უშანსოდ აგებდა. „ბარსამ“ გამარჯვება გაჭირვებით, ისევ და ისევ სახელოვანი თავდამსხმელებისა და მეტოქე გუნდის ფეხბურთელის გაძევების ხარჯზე მოახერხა. საბოლოოდ კატალონიელები ჩემპიონატში მეორე ადგილს დასჯერდნენ, გაისად ჩემპიონთა ლიგაზე ავტომატურად იასპარეზებენ, წინ კი „ალავესთან“ სათამაშო ესპანეთის სამეფო თასის ფინალი ელით, რომელიც 27 მაისს მადრიდში გაიმართება.
2016-2017 წლების ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი 37 გატანილი გოლით „ბარსელონელი“ ლიონელ მესი გახდა. ლა ლიგა სამმა კლუბმა დატოვა - „გრანადა“, პამპლონის „ოსასუნა“ და ხიხონის „სპორტინგი“ გაისად ქვედა ლიგაში იასპარეზებენ. „რეალისა“ და „ბარსელონას“ გარდა ევროტურნირების საგზურები შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს: მადრიდის „ატლეტიკო“ (ჩემპიონთა ლიგა), „სევილია“ (ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი), „ვილიარრეალი“ (ევროპა ლიგა) და „რეალ სოსიედადი“ (ევროპა ლიგის პლეი-ოფი), თუმცა თუ ესპანეთის თასს არა „ბარსელონა“, არამედ „ალავესი“ მოიპოვებს, „სოსიედადის“ ნაცვლად ევროპა ლიგაზე სწორედ „ალავესი“ ითამაშებს.