weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

„ბორჯღალოსნებმა“ განახლებულ რეიტინგში მცირე ხეირი ნახეს

11:32 სამშაბათი, 13 მარტი 2018

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის გათამაშების მე-4 ტურში რუსეთის სტუმრად დამარცხების შემდეგ მსოფლიო რეიტინგში მხოლოდ მცირე სარგებელი ნახა. „ბორჯღალოსნებმა“ აქტივს 0.34 ქულა შემატეს და 73.80 ქულით რეიტინგში მე-12 ადგილზე დარჩნენ, თუმცა მე-11 პოზიციაზე მყოფ იაპონიასთან (75.66) ჩამორჩენა შეამცირეს. საქართველოს უახლოესი მდევარი კი ისევ ტონგაა, 71.87 ქულით.

მსოფლიო კლასიფიკაციაში შესამჩნევი ცვლილებები გამოიწვია 6 ერის უკანასკნელი ტურის მატჩებმა. დუბლინში შოტლანდიელთა ძლევის (28:8) ხარჯზე, რეიტინგში მე-2 ადგილამდე აღზევდა ირლანდიის ნაკრები. „სამყურები“ ამ ადგილზე 2015 წლის აგვისტოს შემდეგ პირველად მოხვდნენ. ირლანდიელთა წინსვლას ხელი ინგლისელთა მორიგმა ფიასკომაც შეუწყო, რადგან „ვარდებმა“ ედი ჯონსის ხელმძღვანელობით მიჯრით მე-2 მარცხი (16:22) საფრანგეთში განიცადეს და მე-3 საფეხურზე აღმოჩნდნენ. თავის მხრივ ფრანგებმა რეიტინგში 2 პოზიციით აინაცვლეს, არგენტინასა და ფიჯის გადაასწრეს და მე-8 ადგილზე გამაგრდნენ. რაც შეეხება ხსენებულ შოტლანდიას, ისინი ირლანდიაში განცდილმა მარცხმა მე-6 პოზიციამდე დააქვეითა.

 შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი ტურის მატჩი 18 მარტს ელის, როდესაც თბილისში „დინამო არენაზე“ რუმინეთს მიიღებს. თუკი „ბორჯღალოსნებმა“ „მუხის ფოთლებს“ 15 და ნაკლები ქულით სძლიეს, აქტივს 0.161 ქულას შემატებენ, ხოლო თუ 15 ქულაზე მეტით იმარჯვეს, მონაგარს 0.241 ქულით გაიმდიდრებენ. მარცხის შემთხვევაში საქართველოს ნაკრებს 1.839 ქულა მოაკლდება, 15 ქულაზე მეტით წაგებისას კი 2.758 ქულას დაკარგავს და მე-17 ადგილზე მყოფ რუმინეთის ნაკრების უკან აღმოჩნდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]