weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა

10:56 ოთხშაბათი, 14 მარტი 2018

ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მერვედფინალურ მატჩში მცირე სენსაცია დაფიქსირდა. ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილი „მანჩესტერ იუნაიტედი“ საკუთარ მინდორზე „სევილიასთან“ დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. მეოთხედფინალში გავიდა „რომაც“, რომელმაც დავით ხოჭოლავას გუნდს, დონეცკის „შახტარს“ მინიმალური სხვაობით სძლია.

სევილიაში, პირველ შეხვედრაში დაფიქსირებული უგოლო ყაილის შემდეგ წყვილის ფავორიტი ცხადია ინგლისური გრანდი იყო, თუმცა პრაგმატულმა ჟოზე მოურინიომ გუნდი მოსაგებად ვერ განაწყო. მანჩესტერელებს შეტევებში ფანტაზიაც აკლდათ და საგოლე მომენტებსაც ვერ ქმნიდნენ. სამაგიეროდ სტუმარი „სევილია“ თამაშობდა თავგანწირვით და საკუთარ შანსს ელოდა, რომელიც მეორე ტაიმში დადგა: ესპანელთა იტალიელმა თავკაცმა ვინჩენცო მონტელამ შეცვლა გამოიცნო და მოედანზე ვისამ ბენ იედერი შეიყვანა, რომელმაც ორ წუთში მოხდენილი დარტყმით ანგარიში გახსნა, ოთხ წუთში კი თავით დუბლი შეასრულა და პუბლიკა შოკში ჩააგდო. წარმოშობით ტუნისელ ფრანგს, რომელსაც ჰეთ-თრიქის შესრულებაც მართებდა, მიმდინარე გათამაშებაზე 8 გატანილი გოლი დაუგროვდა. მასპინძლებმა იკადრეს და დარჩენილ დროში მწვავედ შეუტიეს, რამაც რომელუ ლუკაკუს სხვაობა შეამცირებინა, სხვა კი „წითელმა ეშმაკებმა“ ვერაფერი შეძლეს და სამარცხვინოდ წააგეს, რაც მხოლოდ და მხოლოდ თავიანთ თავს უნდა დააბრალონ. აღსანიშნავია, რომ „სევილია“ მეოთხედფინალში 1958 წლის შემდეგ მეორედ გავიდა.

იხ. მატჩის ვიდეომიმოხილვა

პარალელურად მიმდინარე შეხვედრა რომის „სტადიო ოლიმპიკოზე“ შედგა. რომაელებმა ზუსტად იმ ანგარიშით მოიგეს, რომლითაც სამი კვირის წინ ხარკოვში დამარცხების შემდეგ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად სჭირდებოდათ. მეორე ტაიმის სტარტზე „რომას“ ბოსნიელმა მთავარმეგოლე ედინ ჯეკომ შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა და რომაული კლუბიც ათწლიანი პაუზის შემდეგ მეოთხედფინალში ითამაშებს. საინტერესოა, რომ 2007 წლის შემდეგ პირველად, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ორი იტალიური კლუბი იასპარეზებს. რაც შეეხება საქართველოს ნაკრების წევრ დავით ხოჭოლავას, ცენტრალური მცველი სათადარიგოთა შორის იმყოფებოდა და მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

იხ. მატჩის ვიდეომიმოხილვა

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]