weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ბარსელონამ“ „ჩელსის“ ლიონელ მესის დახმარებით სძლია

10:42 ხუთშაბათი, 15 მარტი 2018

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში უკანასკნელი მერვედფინალური მატჩები გაიმართა. თითქმის უმოტივაციო შეხვედრაში „ბაიერნმა“ სტუმრად „ბეშიქთაში“ დაამარცხა, ცენტრალური დაპირისპირება კი ბარსელონაში „კამპ ნოუზე“ შედგა.

სამი კვირის წინ ლონდონში ფრედ (1:1) დასრულებული შეხვედრის გამო რთული წყვილის ფავორიტად „ბარსელონა“ ითვლებოდა, რომელიც „კამპ ნოუზე“ ადრეული გოლით დაწინაურდა: „ჩელსის“ საჯარიმოში უსწრაფესი შეტევა განხორციელდა, კართან მახვილი კუთხიდან ლიონელ მესის დარტყმული კი „არისტოკრატების“ ბელგიელ მეკარე ტიბო კურტუას ფეხებშუა გაუძვრა. მძიმე სიტუაციაში მყოფმა „ჩელსიმ“ საპასუხოდ აგრესიულად შეუტია და გათანაბრება სცადა, თუმცა მორიგი გოლი კვლავ მასპინძლებმა გაიტანეს, როდესაც კონტრშეტევისას მესიმ ბურთი უსმან დემბელეს დაუგორა, ჭაბუკმა ფორვარდმაც გაისწორა და უზუსტესი გასროლით ცხრიანში გაიტანა. ტაიმის ბოლო წუთზე სახიფათო სტანდარტული სიტუაციისას მარკოს ალონსოს ცაცია დარტყმული ბურთი „ბარსელონას“ კარის ძელმა აისხლიტა. მეორე ნახევრის სტარტზე ალონსო საჯარიმოში „ბარსას“ მცველებმა წააქციეს, სლოვენიელმა მსაჯმა დამირ სკომინამ კი უეჭველი პენალტი არ დანიშნა. რთული სათქმელია, რა მოხდებოდა თერთმეტმეტრიანის შემდეგ, თუმცა ცხადად ჩანდა, რომ ერნესტო ვალვერდეს გუნდი მოედანზე ყველა კომპონენტში უკეთესად გამოიყურებოდა, რაც მესამე გოლითაც დაამტკიცა: საჯარიმოში მესი შეიჭრა და დაბალი დარტყმით გოლკიპერს კვლავ ფეხებშუა გაუძვრინა ბურთი. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა მიმდინარე ტურნირზე 6 გოლს მოუყარა თავი. დარჩენილ დროში ანტონიო კონტეს ფეხბურთელებმა გაიბრძოლეს, თუმცა ბოლო მცდელობისას თავური დარტყმული ხარიხას მოხვდა. „ბარსელონამ“ დამსახურებულად მოიგო და მეოთხედფინალში ზედიზედ მეთერთმეტედ გავიდა, რაც ჩემპიონთა ლიგის რეკორდია.

იხ. მატჩის ვიდეომიმოხილვა

სტამბოლური შეხვედრა შედარებით ადრე გაიმართა. ბავარიაში ხუთბურთიანი მარცხის შემდეგ შენოლ გიუნეშის გუნდი მხოლოდ პრესტიჟზე ფიქრობდა, თუმცა ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთმა ფავორიტმა „ბაიერნმა“ მასპინძელი „ბეშიქთაში“ ამჯერადაც იოლად დაამარცხა. ანგარიში მე-18 წუთზე ტიაგო ალკანტარამ გახსნა, მეორე ტაიმის პირველივე წუთზე კი გოქჰან გონულმა ავტოგოლი მიითვალა. ვაგნერ ლავმა სხვაობა პრესტიჟის გოლით შეამცირა, თუმცა შეცვლაზე შესულმა სანდრო ვაგნერმა ფინიშისკენ მესამედ დასაჯა მასპინძლები. აღსანიშნავია, რომ „რეკორდმაისტერის“ თავკაცმა იუპ ჰაინკესმა რეკორდი დაამყარა: გამოცდილი გერმანელი სპეციალისტი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი მწვრთნელია, რომელმაც ტურნირზე ზედიზედ 11 თამაში მოიგო.

იხ. მატჩის ვიდეომიმოხილვა

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]