დიეგო სიმეონეს გუნდს მოსკოვური მატჩისთვის რამდენიმე წამყვანი მოთამაშე (იან ობლაკი, დიეგო კოსტა, კევინ გამეირო) აკლდა, თუმცა ამას რუსეთის ჩემპიონატის ლიდერისთვის იოლად ძლევაში ხელი არ შეუშლია. „ატლეტიკომ „ანგარიში მე-16 წუთზე გახსნა, მასპინძელმა „რკინიგზელებმა“ მაცეი რიბუსის გოლით ოთხ წუთში გაათანაბრეს, თუმცა ამის შემდეგ ფარ-ხმალი დაყარეს და მეორე ტაიმის პირველ წუთზე ჯერ საულ ნიგესმა გაიტანა, შემდეგ ვეტერანმა ფერნანდო ტორესმა შეასრულა დუბლი, მსაჯის სასტვენამდე რამდენიმე წუთით ადრე კი ანტუან გრიზმანმა დასაჯა იური სიომინის გუნდი. კვერკველიამ მატჩი სრულად ჩაატარა.
იხ. მატჩის ვიდეომიმოხილვა
ამრიგად, ჩემპიონთა ლიგის მსგავსად, ევროპა ლიგაზეც რვა მეოთხედფინალისტი კლუბის (არსენალი, ზალცბურგი, ლაიპციგი, ლაციო, ლისაბონის სპორტინგი, მადრიდის ატლეტიკო, მარსელის ოლიმპიკი, მოსკოვის ც.ს.კ.ა.) ვინაობა გახდა ცნობილი, რომლებსაც კენჭისყრით ერთმანეთთან დააწყვილებენ.