„ბასკონიელებმა“ უმოტივაციოდ მყოფ გერმანულ „ბროზე ბამბერგს“ უმასპინძლეს და მეტოქე 103:79 დაამარცხეს. ქართველმა კალათბურთელმა 12 წუთში 11 ქულა, 2 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკემ ორივე ორქულიანი, ორივე სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო და შეტევა არ გაუფუჭებია. შედეგად, შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა და ამ მხრივ ის მასპინძელთა რიგებში მხოლოდ ურუგვაელ ჯეისონ გრეინჯერსა (17 ქულა, 3 მოხსნა, 7 პასი) და ესპანელ ილიმანე დიოპს (16 ქულა, 6 მოხსნა) ჩამორჩა.
„ბასკონიამ“ 14 მოგება და 13 მარცხი მოაგროვა და მე-8 ადგილი შეინარჩუნა, რომელიც პლეი-ოფში თამაშის უფლებას იძლევა. შენგელიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 23 მარტს ჩაატარებს, როდესაც „ბარსელონას“ ესტუმრება.