weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ჯვაროსნებმა“ ამხანაგურ შეხვედრაში ლიტვის ნაკრები გაანადგურეს

21:12 შაბათი, 24 მარტი 2018

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წლის პირველი ამხანაგური შეხვედრა დიდი ანგარიშით მოიგო. ვლადიმირ ვაისის დამოძღვრილმა „ჯვაროსნებმა“ ლიტვასთან ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარეს და მეტოქე გუნდს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრა არჩილ ტატუნაშვილის საპატივსაცემოდ წუთიერი დუმილით დაიწყო და ფეხბურთელებმაც შავი სამკლავურებით ითამაშეს.

მასპინძელმა ქართველებმა მატჩი მაღალ ტემპში დაიწყეს. „ჯვაროსნები“ კარგად კომბინირებდნენ და მთელ დროს მეტოქის ნახევარზე ატარებდნენ, რამაც შედეგი უმალ გამოიღო და შესანიშნავი მრავალსვლიანი კომბინაცია „სარაგოსას“ ფორვარდმა გიორგი პაპუნაშვილმა მე-15 წუთზე გოლით დაასრულა. პაპუნაშვილი მოედანზე სულ რამოდენიმე წუთის გამოსული იყო, რადგან ჯანო ანანიძე ტრავმის გამო შეიცვალა. მეორე გოლი 23-ე წუთზე გიორგი ქვილითაიამ გაიტანა, როდესაც ჩინებულად მოთამაშე ოთარ კაკაბაძის გამოზომილ ჩაწოდებას თავი დაუხვედრა. 31-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა პენალტით სხვაობა გაზარდა, ტაიმის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე კი „გენტის“ 19 წლის წევრმა გიორგი ჩაკვეტაძემ ნაკრებში მისთვის სადებიუტო შეხვედრაში თავი გამოიჩინა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა.

მეორე ნახევარში სლოვაკმა მთავარმა მწვრთნელმა ცვლილებებს მიმართა, შედეგად პირველი ტაიმისნაირი ტემპი და უხვი მომენტები აღარ ყოფილა, თუმცა ქართველმა ფეხბურთელებმა რამდენიმე ეპიზოდში კარგად შეუტიეს ლიტველთა კარს. საპასუხოდ სტუმრებმაც გაიბრძოლეს, მაგრამ ქართველთა დაცვა გაუვალი აღმოჩნდა და ანგარიში აღარც შეცვლილა.

საქართველო – ლიტვა 4:0 

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ჩაკვეტაძე (აბურჯანია 69), კაშია (ლ. დვალი 61), ანანიძე (პაპუნაშვილი 9), კვერკველია, კანკავა (კვეკვესკირი 61), ყაზაიშვილი (მერებაშვილი 82), ქვილითაია (არაბული 73), გვილია, ნავალოვსკი

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

ლიტვა: შეტკუსი, კლიმავიჩუსი, სლავიცკასი, ჟულპა (ვორობიოვასი 46), შერნასი (ლაუკჟემისი 71), ნოვიკოვასი (ლასიცკასი 60), გირდვანისი, ვერბიცკასი (პაულიუსი 80), ბოროვსკი, ვალსკისი, ჩერნიხი (რომანოვსკი 80)

მწვრთნელი: ედგარას იანკაუსკასი

გოლები: პაპუნაშვილი (15), ქვილითაია (23), ყაზაიშვილი (31 პ.), ჩაკვეტაძე (40).

გაფრთხილება: კვერკველია (74) - კილმავიჩიუსი (31), ვერბიცკასი (65), ლისიცკასი (74), სლავიცკასი (88).

მსაჯი: ალექსანდრ ტეანი (მოლდოვა)

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მომდევნო ამხანაგურ მატჩს ისევ თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს, როდესაც 27 მარტს ესტონეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება დღევანდელი შეხვედრის მსგავსად უფასო იქნება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]